ახალი ამბები
ატენთან წეროსხევის ტაძრის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენთან, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ამის შესახებ qartli.ge-ს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, სამუშაოები სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის (ფონდი „ქართუ“ ) დაფინანსებით შესრულდა.

,,ტაძარი იყო უმძიმეს მდგომარეობაში ამიტომ პირველ ეტაპზე განისაზღვრა ტაძრის გუმბათისა და თაღების, სვეტებისა და რიგელების სასწრაფო წესით აღდგენა. უმკაცრესი უსაფრთხოების ზომების დაცვისა და საავტორო ზედამხედველობის პირობებში შესრულდა სვეტის, ტრომპების გუმბათის ყელისა და თვით გუმბათის ყალიბების არმატურის კონსტრუქციებისა და ბეტონის ეტაპობრივად მოწყობის სამუშაოები, შესრულებული სამუშაოების ხარჯზე გაკეთდა საძირკველი, ცოკოლი და კედლის გამაგრებითი სამუშაოებიც." - აღნიშნავს პრეს-სამსახური.

რეაბილიტაციის პროცესის დროს ჩამოყრილი ქვები, არქეოლოგის ზედამხედველობით, დაახარისხეს და შემდეგ პერანგის შესამოსად გამოიყენეს.

ფიზიკური სამუშაოები შპს „აბა ჯგუფმა“ შეასრულა, სარესტავრაციო სამუშაოების მეორე ეტაპი 2019 წელს გაგრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები