ახალი ამბები
33 000 საქმეზე ადმინისტრაციულ ჯარიმას აუქმებენ
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს, ასევე, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, შშმ პირებსა და მარტოხელა მშობლებს, ადმინისტრაციულ სახდელისგან გაათავისუფლებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთვარობამ მიიღო. საკითხის ინიციატორია იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე.

პროექტი, ჯამში, 33 000-მდე საქმეს შეეხება.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მოქალაქეებს 22 მილიონამდე ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს, სახდელთან ერთად, მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“ შეწყვეტს წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების (1756 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 052 344,49 ლარი) სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების (25 825 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 16 438 397,11 ლარი), პენსიონერების (3 093 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 2 484 847,62 ლარი), შშმ პირების (2147 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 400 522,93 ლარი), მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების (135 სააღსრულებო საქმე ჯამურად- 50 288 ლარი) მიმართ.

მთავრობის სხდომაზე დამტკიცების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები