ახალი ამბები
ზერტი სჯერათ, რომ ნიორმა მოსახლეობა გრიპის ეპიდემიისგან გადაარჩინა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, ასეულობით ყუთი ნიორია გასაყიდი. ადგილობრივების ცნობით,  ნივრის ფასი წელს საკმაოდ დაბალია.

მოსავლის ფასი არც მას შემდეგ შეიცვალა, როდესაც ქვეყანაში გრიპის ეპიდემიამ იფეთქა. ნიორი ინფექციური დაავადების პროფილაქტიკისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

სოფლის ექიმის განცხადებით, ზერტში არა თუ ღორის გრიპის ვირუსი დაფიქსირდა, საკუთრივ, ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევებიც კი არ გაზრდილა.

,,მიმდინარე ზამთარს, გასულ წელთან შედარებით, ჩვენ სოფელში გრიპის ვირუსის ეპიდემია არ ყოფილა. მიმართვიანობა იყო, თუმცა, ეს მონაცემები არ აღემატება გასული წლის მონაცემებს. ღორის გრიპის ვირუსი საერთოდ არ დაფიქსირებულა. ჩემი აზრით, ეს მაინც გამოწვეულია ვაქცინაციით და მოსახლეობის ინფორმირებულობით. მე ვერ გეტყვით, რამდენად შეუწყო ეპიდემიის შეჩერებას ნიორმა, თუმცა მისი ფაქტორი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია" - აცხადებს ექიმი ცირა ფაცაცია.



ლენტო ცარიელაშვილს სახლის ეზოში 50-მდე ყუთი ნიორი გასაყიდადაა გამზადებული. ამბობს, რომ ნივრის ფასი წელს კილოგრამი 30-დან 50 თეთრამდე მერყეობს. მისი თქმით, კლიენტი საკმაოდ მცირეა. ყველაზე მეტი კლიენტი 3 წლის წინ იყო. ეს ის დროა, როდესაც პროდუქტი ვაჭრებს აზერბაიჯანში გაჰქონდათ:

,,ძირითადად, ადგილობრივი ბაზარია ნივრით დაინტერესებული. ფასიც შესაბამისია. 1 კგ ფასი იწყება 30 თეთრიდან და აღწევს 50 თეთრს. ამას წინათ, სოფელში დასავლეთ საქართველოდან ჩამოვიდნენ ვაჭრები და იხვეწებოდნენ, 80 თეთრად მოგვეცითო. ეს იშვიათად ხდება ხოლმე" - ამბობს ლენტო ცარიელაშვილი.

მიხეილ თოფაძე იხსენებს, რომ სოფელ ზერტს, ნივრის ყიდვის მსურველები მაშინ მიაწყდნენ, როდესაც კომუნისტების პერიოდში, ქოლერას ეპიდემიის გავრცელების შესახებ, ჭორი გავრცელდა:

,,ძალიან კარგად მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ. სოფელში მოდიოდა უამრავი ადამიანი. ჭორი გავრცელდა, რომ ქოლერას ეპიდემია ქვეყანას მოედებაო და ნიორი შველისო. მაშინ ძალიან დიდი ამბავი იყო აქ. უამრავი ადამიანი მოაწყდა სოფელს"- ამბობს მიხეილ თოფაძე.




Print

სტატიის გამოყენების პირობები