ახალი ამბები
სპორტის ვარსკვლავთა ნივთები აუქციონზე გაიყიდა და ბერშუეთის სკოლისთვის 43 ათასი ლარი შეგროვდა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის დარბაზს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ qartli.ge-ს სკოლის ხელმძღვანელმა ქეთევან ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, დარბაზისთვის საჭირო თანხა საქველმოქმედო აუქციონზე შეგროვდა, სადაც სპორტსმენთა ნივთები გაყიდეს. აუქციონი 2018 წლის 18 დეკემბერს სოციალური კამპანიის ,,ძლიერები არ ძალადობენ’’ ფარგლებში გაიმართა.

,,აუქციონი 18 დეკემბერს ჩატარდა,სადაც ქართველი და მსოფლიო სპორტის ვარსკვლავების აქსესუარები გაიყიდა. მათ შორის ზაზა ფაჩულიას მაისური 3 100 ლარად. სუმოისტ ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) - კიმონო და ობი (იაპონური ეროვნული სამოსი ქამრით) – 3 000 ლარად.“ - აცხადებს ქეთევან ცერცვაძე, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.



რეაბილიტაცია მხოლოდ სპორტდარბაზს ჩაუტარდება,რომლის გადახურვის სამუშაოებსაც სამშენებლო კომპანია BMG შეასრულებს. გადახურვის სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სარემონტო სამუშაოებს კომპანია PRMC გაუძღვება.

სპორტდარბაზი განათების თანამედროვე სისტემით და ყველა საჭირო სპორტული ინვენტარით აღიჭურვება. ასევე, დამონტაჟდება გათბობის სისტემა,რომელიც მხოლოდ სპორტდარბაზს გაათბობს.



დღემდე ბერშუეთის სკოლაში გათბობის ერთადერთ საშუალებად შეშის ღუმელი რჩება.

ქეთევან ცერცვაძის თქმით,  სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც მას უთხრეს, 15 იანვარს უნდა დაწყებულიყო და იანვრის ბოლოს დასრულდებოდა. თუმცა უამინდობის გამო გადაიდო.


Print

სტატიის გამოყენების პირობები