ახალი ამბები
გორში ფეიბოქსების გატეხვაში მხილებული მოზარდი მალე 18 წლის გახდება
მოზარდი, რომელიც გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ფეიბოქსების ქურდობის ფაქტზე, არაერთხელ დააკავეს, მალე 18 წლის გახდება. მისი დაბადების დღის და მაისის თვის დადგომას პოლიციის თანამშრომლები მოუთმენლად ელოდებიან.

გორის შს სამმართველოს თანამშრომელი პაატა კოდოშვილი ამბობს, რომ მოზარდს პირადად იცნობს. იგი მას და მასთან დაკავშირებულ სხვა არასრულწლოვნებს დახმარების სახით თანხასაც სთავაზობს. ეს იმ მიზნით, რომ დანაშაული აღარ ჩაიდინონ.

დღევანდელი მდგომარეობით, გორის შს სამმართველოს შენობის ფოიეში 6 ცალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დალუქულ მდგომარეობში დგას. ისინი არასრულწლოვნებმა სხვადასხვა ლოკაციაზე თანხის დასაუფლებად დააზიანეს.

qartli.ge წერდა, რომ გორის შს სამმართველოს თანამშრომლები დანაშაულში მხილებულ არასრულწლოვნებს სოციალურ მუშაკთან გზავნიან. სოციალური მუშაკის დახმარებით, პირი გარკვეული მეთვალყურეობის ქვეშ ექცევა. პოლიციის თანამშრომლის ცნობით, არასრულწლოვანები ამ მეთვალყურეობას გაურბიან და მაინც ჩადიან ახალ დანაშაულს.

,,თითოეულ მათგანს ვიცნობ. არანაირი ინფორმაცია გვაქვს იმის შესახებ, რომ მათ ამ ქმედების ჩადენას ვინმე ავალებდეს. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მაინც ჩადიან დანაშაულს" - ამბობს პოლიციელი პ.კ.

პოლიციელის განმარტებით, ამ არასრულწლოვნებთან დახმარების შეთავაზება არ ჭრის. ამავე დროს, არც სოციალური მუშაკების მეშვეობით, ხერხდება ურთიერთობის მოგვარება. ,,ხშირ შემთხვევაში ეს ჯგუფი შემდეგ თბილისში მიდის და იქ ახერხებენ ახალი დანაშაულის ჩადენას" - აცხადებს სამმართველოს თანამშრომელი.

სააგენტოში, სოციალური მუშაკების ზედამხედველობის მიზნით, სხვადასხვა დანაშაულში მხილებული არასრულწლოვნები მიჰყავთ. ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებრივ ფაქტებზე არასრულწლოვნები სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებულები არიან.

საკუთარი ფოტო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები