ახალი ამბები
ქარელის შესასვლელში მევალე და მოვალე ერთმანეთს დანით და მაკაროვით დაუპირისპირდნენ
ქარელში, სამგზავრო ტრანსპორტის მოსაცდელთან, ერთმანეთს დანით და მაკაროვით შეიარაღებული პირები დაუპირისპირდნენ. შემთხვევა ,გალფის“ ბენზინგასამართ სადგურის სიახლოვეს დღის 12 საათზე მოხდა. კონფლიქტი კი, ავტოსახელოსნოს შენობაში დაიწყო.

დაპირისპირებისას 43-წლის მამაკაცმა მაკაროვით დაჭრა თანასოფლელი, რომელიც დანით იყო შეიარაღებული.

პოლიციამ 43-წლის მამაკაცი დააკავა და წინასწარი პატიმრობა, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, შეუაფარდა. 9 თვის შემდეგ, 2019 წლის იანვარში, სასამართლომ მას მკვლელობის მცდელობის მუხლი მოუხსნა. მოსამართლემ დაადგინა, რომ ბრალდებული, დანით შეიარაღებული მამაკაცისაგან, თავს იცავდა.

კონფლიქტი მხარეებს შორის ვალის გამო დაიწყო. ისინი ერთმანეთს კარგად იცნობდნენ. ბრალდებულს გარკვეული რაოდენობის თანხა დაჭრილი მამაკაცის შვილისგან ემართა.

ბრალდებულის ჩვენებით, წარსულში თანასოფლელთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ვიდრე არ მოხდა მათ შორის ხმამაღალი საუბარი ვალთან დაკავშირებით. ერთ დღესაც, ის სამგზავრო ტრანსპორტის მოსაცდელთან იდგა. გამოიარა მანქანით მევალემ. გააჩერებინა მანქანა მძღოლს, გადმოვიდა ბრალდებულისკენ და ავტოტექმომსახურების სახელოსნოსკენ გაიყვანა:

,,შესვლისთანავე დაიწყო გინება, ჯიბიდან ამოიღო დანა და გულმკერდის არეში მომიქნია. ვცდილობდი, დანა ხელიდან წამეგლიჯა და როგორმე გამეგდებინებინა, თუმცა არ ჩერდებოდა. ამ დროს მკლავზე ვიგრძენი დანის დასმა და დავინახე, რომ ქურთუკი დაზიანდა. ჩხუბი გრძელდებოდა და კბილიდან სისხლი მდიოდა. თანასოფლელები გაშველებას ცდილობდნენ. მე ავხტი ბეტონზე და ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა გავაკეთე, რომ შეჩერებულიყო.“ - აღნიშნა ბრალდებულმა თავის ჩვენებაში.

თანასოფლელებმა დანით შეიარაღებული მამაკაცი ავტოსახელოსნოს შენობიდან გაიყვანეს, თუმცა გინება და დაპირისპირება გრძელდებოდა. ,,გალფის“ სადგურთან, რომელიც ქარელის შესასვლელში მდებარეობს, მევალე კვლავ გაიქცა გინებით მოვალისკენ:

,,წავბორძიკდი და იარაღი ფეხებში ვესროლე“ - აღნიშნავს ბრალდებული.

დაზარალებული აღნიშნავს, რომ ის იმდენად გაბრაზებული იყო მოვალის მიმართ, რომ როგორც კი დაინახა, მაშინვე მანქანიდან გადმოვიდა:

,,სოფელ ბებნისში შემთხვევით დავინახე. იმდენად გაბრაზებული ვიყავი, რომ მინდოდა ხელი დამერტყა, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. მორიგი სატელეფონო საუბრის დროს, შემაგინა. დავპირდი, რომ სოფელში ჩასვლისთანავე აუცილებლად ვნახავდი“ - აღნიშნა თავის ჩვენებაში დაზარალებულმა.

შვედეთიდან დაბრუნებულმა მევალემ მოვალე მოძებნა:

,,როგორც კი მისკენ გავემართე, დავინახე, რომ იარაღზე ხელი წაივლო. მე ამოვიღე დანა და ვეჩხუბებოდი, რომ ამოეღო იარაღი და ესროლა.“ - უთითებს დაზარალებული.

მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ მევალემ მოვალეს თითქმის 20-ჯერ მოუქნია დანა.

მოსამართლემ განმარტა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ბრალდებულს, 43-წლის მამაკაცს არ ჰქონდა თანასოფლელის მოკვლის განზრახვა. ამიტომ, მოსამართლე ლევან დარბაიძემ მკვლელობის მცდელობის ნაწილში მოვალეს ბრალდება მოუხნა. წარდგენილ ბრალში დაუტოვა მხოლოდ იარაღის ტარებისა და სხეულის დაზიანების მუხლი.

დარბაიძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს მხოლოდ 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები