ახალი ამბები
როგორ შენდებოდა გორის ძველი უბანი (Photo-ისტორია)
საქართველოს მთავრობამ 2012 წლის 8 თებერვალს 7,9 მლნ ლარი გორისთვის გამოყო. ამ თანხით, ქალაქის ძველი, ციხისუბანი გარემონტდა. პროექტი 58 საცხოვრებელი სახლისა და ქუჩების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.

მთავრობის განკარგულების საფუძველზე გორის მუნიციპალიტეტმა 2012 წელს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 9 ხელშეკრულება გააფორმა - 7 ხელშეკრულება ,,სამშენებლო ტრესტი #3" - თან და 2 ხელშეკრულება შპს ,,იბოლიასთან". პირველის დირექტორია ვახტანგ ყანჩაველი, ხოლო მეორის - იოსებ მაკრახიძე. ორივე ცოტა ხანში დაიჭირეს და საპროცესო შეთანხმებისა და თანხის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ, 2014 წელს, დაიწყო გახარჯული 7,8 მლნ ლარის შესწავლა. აუდიტმა დაადგინა, რომ მშენებლობის პროცესში და საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირების დროს, სამშენებლო მასალების რაოდენობა შემცირდა. მიუხედავად, სამშენებლო მასალების შეკვეცისა, ერთ-ერთ კომპანიას ხელშეკრულების ღირებულება არ შეუმცირდა.

სამუშაოების დაჩქარებული ტემპებით ჩატარების მოტივით, მუნიციპალიტეტმა კომპანიებს ავანსად საერთო ღირებულების 98% ( 7 355 400 ლარი) გადაურიცხა. აუდიტის შეფასებით, ხელშეკრულებები წინასწარი ანგარიშსწორების პირობას არ ითვალისწინებდა და არც საბანკო გარანტიები იყო წარდგენილი. პირიქით, თანხები ეტაპობრივად უნდა გადარიცხულიყო
.



აუდიტმა განსაკუთრებული ყურადღება სამუშაოების შესრულების ვადების დაცვას მიაქცია. კომპანიებს სამუშაოები 2012 წლის 1 მაისს და 20 ივნისს უნდა დაესრულებინათ, თუმცა გათვალისწინებული ვადების დაცვა ვერ მოახერხეს.

წერილობით მიმართვებში კომპანიების წარმომადგენლები, ვადების გაგრძელების მიზეზად, სამუშაოების მოცულობის და ფასების ზრდას ასახელებდნენ. მაშინდელმა გამგებელმა კომპანიებს პირგასამტეხელო არ დააკისრა და სამუშაოების დასრულების ვადად 2012 წლის 1 სექტემბერი მიუთითა.




,,მუნიციპალიტეტის მიერ პირგასამტეხელოს დარიცხვის შემთხვევაში ტრესტი #3-ის სანქციის ოდენობა 682 800 ლარი იქნებოდა, ხოლო შპს ,,იბოლიასთვის" - 61 500 ლარი." - აღნიშნავს სახელმწიფო აუდიტი.

სამუშაოების დაგვიანებისთვის მუნიციპალიტეტმა ზედმეტად გასწია მოსახლეობისთვის ბინის ქირავნობის ხარჯი, რაც დაახლოებით დამატებით 33 000 ლარს შეადგენს. გარდა ამისა, დოკუმენტებით ირკვევა, რომ ჩატარებული სამუშაოების ექსპერტიზის ხარჯები 116 00 ლარი მუნიციპალიტეტმა გაიღო. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ექსპერტიზების ჩატარება კომპანიებს საკუთარი სახსრებით უნდა უზრუნველეყოთ.






,,აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მუნიციპალიტეტმა შეისყიდა და ჩაიბარა ისეთი ტიპის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავდა ხარვეზს სამუშაოების რეალური შემადგენლობის შესახებ, ამასთან ზუსტად არ იყო განსაზღვრული ერთეულის ღირებულებები." - წერს აუდიტი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები