ახალი ამბები
გორში ქუჩაში გინების გამო მამაკაცი 1000 ლარით დააჯარიმეს
გორის მოსამართლემ ნინო შარაძემ 24-წლის მამაკაცი, რომელიც აღმაშენებლის გამზირზე, იგინებოდა, 1000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს მიიღო.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით, წარმოშობით ხაშურის რაიონში მცხოვრებმა პირმა, შუაღამეს პოლიციელებს - წკრიალაშვილს და მაზმიშვილსაც აგინა.

სამართალდამცველები წერენ, რომ მორიგეობის დროს, აღმაშენებლის გამზირზე შეამჩნიეს პიროვნება, რომელიც უმისამართოთ იგინებოდა. ,,მოვუწოდეთ სიმშვიდისკენ, თუმცა ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაგვემორჩილა და არ შეწყვიტა წესრიგის დარღვევა" - აღნიშნავენ პოლიციელები.

ოქმი ორი მუხლით - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლების საფუძველზე შეადგინეს. ერთი მუხლი წვრილმან ხულიგნობას, ხოლო მეორე - - სამართალდამცველისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მოსამართლემ აღნიშნა, რომ სახდელი, ამ შემთხვევაში, მხოლოდ, შედარებით მძიმე მუხლის დარღვევის გამო, დაედება.

ადმინისტრაციული წესით დაკავებული მამაკაცი დასაქმებულია, ის ბანკში მუშაობს. მოსამართლემ განუცხადა, რომ ცუდია, როდესაც ასეთი პერსპექტიული ახალგაზრდა სასამართლოს სკამზე ჯდება:

,,მთვრალი ვიყავი, ესეთი რამ პირველად მომოვიდა, ალბათ, ნასვამობის ბრალია" - აღნიშნა დაკავებულმა. მოსამართლემ განუცხადა, რომ თუ სიმთვრალეში ადამიანი თავს ვერ იკავებს, არ უნდა დალიოს. ნინო შარაძე იმედოვნებს, რომ დაკავებული მამაკაცი მომავალში მსგავს ქმედებას აღარ ჩაიდენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები