ახალი ამბები
კომპანია, რომელმაც მეჯვრისხევში სახურავები გააკეთა, თანხას მერიისგან ითხოვს
კომპანია ,,ალონისის" დირექტორი მაკედონ ანანიკოვი აგრძელებს დავას გორის მერიის წინააღმდეგ. საქმე ეხება სოფელ მეჯვრისხევში ჩატარებულ სამუშაოებს, რომლის თანხა კომპანიას არ მიუღია.

ზარალის ოდენობა, დაახლოებით, 300 000 ლარს შეადგენს. ,,ალონისმა", ადგილობრივი ხელისუფლების დავალებით, რამდენიმე სახლი გადახურა.

,,დავა ამჟამად სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. ბოლო სხდომაზე მერიის წარმომადგენელი არ გამოცხადდა. მომდევნო სხდომა 12 თებერვალსაა ჩანიშნული. მე თანხას ვითხოვ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, დავის საგანი არ შეცვლილა" - აცხადებს მაკედონ ანანიკოვი.

qartli.ge წერდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მითითებით, დაჩქარებული წესით, ქარისგან დაზიანებული საცხოვრებელი სახლები ერთი თვის ვადაში უნდა გადახურულიყო. გამგეობამ (მაშინდელი ხელმძღვანელი დავით ონიაშვილი) კომპანიას დაზარალებული ხალხის სია გაუგზავნა. დაზარალებულთა შორის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებიც მოხვნდნენ.

სამუშაობი დასრულდა, თუმცა, გამგეობამ კომპანიასთან, პირდაპირი შესყიდვის წესით, ხელშეკრულების გაფორმება დააგვიანა. შესაბამისად, თანხის გადახდაც არ მოხდა.

გორის მერიაში ამჟამად აცხადებენ, რომ კომპანია ,,ალონისს" თანხას ვერ გადაუხდიან, რადგან კონკრეტული პირების ბინების შეკეთების თაობაზე, დავალება მათ არ გაუციათ.

სამოქალაქო წესით წარმოებულ საქმეზე ,,ალონისს" თანხა იმ პირებმა უნდა გადაუხადონ, ვისი სახლებიც გარემონტდა. მერიაში აცხადებენ, რომ სოციალურად დაუცველებზე თავად იზრუნებენ, რაც შეეხება სხვა პირებს, უცნობია, აპირებენ თუ არა თანხის გადახდას.

სასამართლო პროცესი 12 თებერვალსაა ჩანიშნული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები