ახალი ამბები
გორის ძაღლების თავშესაფრის პროექტის ავტორები ინტელექტუალურ საკუთრებას ითხოვენ
შიდა ქართლში, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტი 2021 წლის 1 იანვარს იქნება მზად. ამის შესახებ იმ ხელშეკრულებაშია აღნიშნული, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა კომპანია ,,კოლოსის" დირექტორთან 2018 წლის 18 იანვარს გააფორმა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ჯამში, ესკიზებისა და ნახაზების შედგენაში, 26 500 ლარი დაიხარჯება. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ,,კოლოსი" პროექტის შედგენას თითქმის 3 წელი მოანდომებს.

qartli.ge წერდა, რომ 2018 წლის ზაფხულში, შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციამ, ასეთი პროექტის პრეზენტაცია უკვე მოაწყო. რედაქცია დაინტერესდა უკვე არსებული პროექტის ბედის შესახებ. გაირკვა, რომ ზაფხულში გამართული პრეზენტაციის ავტორი, ლაშა გეგეჭკორი, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას და მუნიციპალური განვითარების ფონდს, ინტელექტუალური საკუთრების მიტაცებაში ადანაშაულებს.

ლაშა გეგეჭკორი აცხადებს, რომ ახალი ტენდერის ტექნიკურ დახასიათებში გადაწერილი და გამოყენებულია მათი ნაშრომის პარამეტრები. ამის თაობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდს წერილობით აცნობა კიდეც.

,,შეცვლილია მხოლოდ ვოლიერების რაოდენობა და ამით გაზრდილია სამშენებლო მოცულობა. ჩვენს ზარებზე, თუ ოფიციალურად გაგზავნილ წერილზე, სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაქვს პასუხი: "ჩვენ,არ გამოგვიყენებია თქვენი ნაშრომი, ჩვენ მხოლოდ დახმარებისთვის მივმართეთ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს..." დავრეკე ფონდში, პასუხი ასეთია: "ჩვენ გამოვიყენეთ სხვა პროექტი..." ორივე მხარე ცრუობს. ასეთი პროქტი მხოლოდ ერთია" - აღნიშნავს ლაშა გეგეჭკორი.

პროექტი, რომელზეც ლაშა გეგეჭკორი საუბრობს, დეპონირებულია "საქპატენტში," მინიჭებული აქვს სამეცნიერო-მეთოდური ნაშრომის კატეგორია.

რაც შეეხება დღეს არსებულ თავშესაფარს, გორში, ის 2013 წლიდან დაარსდა. ეს ამბავი მას შემდეგ გადაწყდა, რაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ქალაქის ცენტრში ვანდალური მეთოდებით მიუსაფარი ძაღლების დაჭერის ფაქტი გადაიღო. ცხოველთა დამცველებმა, მათ შორის, საერთაშორისო უცხოურმა ორგანიზაციებმა გორის მაშინდელ გამგეობას მკაცრი, გამაფრთხილებელი წერილები გამოუგზავნეს. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა ამ საკითხს არ გადაწყვეტდა, ადგილობრივი მთავრობა სოლიდური თანხით დაჯარიმდებოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები