ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღებში კვების რაციონის დღიური თანხა 2,7 ლარამდე გაიზარდა
ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ერთ ბავშვზე გამოყოფილი კვების დღიური თანხა 2,7 ლარს შეადგენს. 2017 წელს ერთი აღსაზრდელის ყოველდღიური კვებისთვის გამოყოფილი თანხა იყო 1,20 ლარი.

ამის შესახებ  სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს აცნობა. მისივე ცნობით, რომელიც 2018 წლის ანგარიშშია მოცემული, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ცვლილებები შეეხო საკვებ მენიუს და გრაფიკსაც, აღსაზრდელები სამჯერადი კვების ნაცვლად უკვე ოთხჯერადი კვებით ისარგებლებენ, ყველა საბავშვო ბაღში, ბავშვები უკვე ნატურალური რძის პროდუქტებს მიიღებენ.

,,ბავშვის დღიური კალორაჟი 1292 კალორიას უნდა შეადგენდეს და კვების ორგანიზება ყველა ბაღში ერთსა და იმავე დროს უნდა ხორციელდებოდეს. ბაღებს ხორცის პროდუქტი ორი კვირის ნაცვლად უკვე კვირაში ერთხელ მიეწოდებათ." - აღნიშნავს ლია კოვზიაშვილი მიმართვაში.

გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღები მარაგდება ნატურალური რძით და ნაღებისგან დამზადებული კარაქით, რომელიც არ შეიცავს ემულგატორებს და ზედმეტ დანამატებს.

აღნიშნული ცვლილებების გამო, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებში თანამშრომლების დამატება გახდა საჭირო. კერძოდ კი, სკოლამდელ დაწესებულებებს მზარეულის თანაშემწეები და ჭურჭლის მრეცხავები დაემატა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები