ახალი ამბები
ბოლშევიკური ციხე გორში (Video)
შენობა, სადაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში, ბოლშევიკური ტერორის მსხვერპლნი და პატიმრები იყვნენ განთავსებულნი, დღესაც დგას. ამჯერად, იქ სტუდენტთა სამკითხველოა. შენობა გორის უნივერსიტეტს ეკუთვნის.

მის შესახებ ცნობები გორის უნივერსიტეტის პროფესორს, ელდარ მამისთვალიშვილს პირველი წყაროებიდან მოეპოვება. ის სამეცნიერო მუშაობის დაწყების პირველივე წლიდანვე უნივერსიტეტის (ყოფილი პედინსტიტუტი) ბიბლიოთეკით სარგებლობდა. ყოფილ სატუსაღოში და შემდეგ ბიბლიოთეკად გადაკეთებულ შენობაში გერმანელი დარაჯი ჰორნბახერი გაიცნო, რომელიც მეუღლესთან ერთად მუშაობდა. ელდარ მამისთვალიშვილი ამბობს, რომ ჰორნბახერთან საუბრის დროს, ციხის შესახებ არაერთი დეტალი შეიტყო:

,,ჰორნბახერი იყო გერმანელი ტყვე, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გადმოსახლებული. მისი ნაამბობიდან ვიცი, თუ სად იყო დახვრეტის ოთახი. ეს ოთახი განთავსებული იყო შენობის მეორე სართულზე, დერეფნის ბოლოს. ჰორნბახერი ამბობდა, რომ იატაკი იყო ამოჭრილი, სადაც დახვრეტის შემდეგ, ცხედრები ქვემოთ ცვიოდა. გვირაბით კი, მტკვრის სანაპიროსკენ გაჰქონდათ“
- იხსენებს ელდარ მამისთვალიშვილი. ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ მტკვრის სანაპიროდან დახვრეტილთა ცხედრები კვერნაკის ქედზე ასაფლავებდნენ. დღეს ქალაქის სასაფლაო, სწორედ, კვერნაკის ქედზეა განთავსებული. მანამდე ქალაქის ამჟამინდელ სტალინისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე მდებარეობდა.

,,ჩემი აზრით, ცხედრები შემდეგ სწორედ კვერნაკის ქედზე აჰქონდათ, რათა დაესაფლავებინათ. ჰორნბახერმა მითხრა, რომ მან გვირაბი დაათვალიერა, სადაც ბეჭედიც კი იპოვა. თუმცა, გვირაბში გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო, რადგან მიწა იყო ჩამოშლილი“ - ამბობს ელდარ მამისთვალიშვილი.

მისი ინფორმაციით, საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე, გორში ორი სატუსაღო არსებობდა. ერთი მდებარეობა წმინდწყალზე, ყოფილი პროკურატურის შენობის ადგილზე, ხოლო მეორე - გორის უნივერსიტეტის ამჟამინდელ ბიბლიოთეკის შენობაში. პირვანდელი სახით შემორჩენილია მხოლოდ ბიბლიოთეკის შენობა. ყოფილი პროკურატურის შენობის ადგილზე მანამდე სულ სხვა ტიპის შენობა იდგა, რომელიც ბიბლიოთეკის შენობას ბევრად ჯობდა.

,,ჩემ ბავშვობაში როცა ამ გზაზე გვიწევდა გავლა და სირბილი, მახსოვს, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ხოლმე შეკრებილი. ისინი იყვნენ იმ პატიმრების ახლობლები ან მშობლები, რომლებიც ციხეში ჰყავდათ გამოკეტილი. იყო გადაძახილ-გადმოძახილები. აშენებულია მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში და იარსება 50-იან წლებამდე. შემდეგ გაუქმდა და გადაკეთდა ბიბლიოთეკად.“ - აცხადებს ელდარ მამისთვალიშვილი.

ბიბლიოთეკარი ნელი ბაბუციძე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დიდი ხანია მუშაობს. აცხადებს, რომ ამ შენობაში ნამდვილად არსებობდა ქალაქის ან რაიონის ციხე.

,,როდესაც სამკითხველო გაიხსნა, ფაქტობრივად, ოთახების დიდი ნაწილი გადაკეთებული იყო სამკითხველო დარბაზებად. ციხის კვალი დღეს ნაკლებად ეტყობა. გამოიცვალა სახურავიც. ფაქტობრივად, ძალიან მცირე ნაწილია შემორჩენილი საკნების.“ - აცხადებს ნელი ბაბუციძე.

ამჟამად, ბიბლიოთეკაში რამდენიმე ათასი წიგნია დაცული. სტუდენტები სამკითხველო დარბაზებში დღესაც აგრძელებენ მეცადინეობას. ოთახების დიდი ნაწილი შეცვლილია თანამედროვე ავეჯით და აღჭურვილობით. თუმცა, არის ოთახები, სადაც საბჭოთა შენობის კვალი შემორჩენილია. თუმცა, საკნების კვალი წაშლილია.

გორის არქივის თანამშრომლის, ქეთევან მაჭარაშვილის ცნობით, ციხეს 1930 წელს გამოსასწორებელი სახლი ანუ გამსახლი ერქვა, 1942 წელს კი მოხსენიებულია, როგორც საპატიმრო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები