ახალი ამბები
ხელოვნების სასახლეში ბრიტანეთიდან ქალის უძველესი ტანსაცმლის ნიმუშებს ჩამოიტანენ
საქართველოს ხელოვნების სასახლეში განთავსდება ოტომანთა იმპერიის პერიოდის ქალის ტანსაცმლის აქსესუარები, რომელიც ბრიტანეთში ანტიკვარის სახით იყიდება. ამავე დროს, იმავე ანტიკვარულ სახლიდან კოპტური ქსოვილების ნიმუშს ჩამოიტანენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ხელოვნების სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს. ქალის კაბები და ანტიკური ხანის ქსოვილები გამოიფინება საერთაშორისო გამოფენაზე, რომლის სახელწოდებაა ,,ქსოვილი საქართველოდან".

,,ჩვენს მიერ მოძიებული იქნა მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ანტიკვარული სახლი, რომლის მფლობელმა - ქალბატონმა გასაყიდად გამოიტანა აღნიშნული უნიკალური ექსპონატები, როდესაც მათი შეძენა და მომავალი თაობებისთვის დატოვება მუზეუმის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს." - აღნიშნავენ ხელოვნების სასახლეში.

საუბარია შემდეგ ქსოვილებზე:

მე-18 საუკუნის დასასრულისა და მე- 19 საუკუნის დასაწყისის, ოტომანთა პერიოდში ხელით შეკერილი და მოქარგული სხვადასხვა სახის ქალის სამი მოსასხამზე - ე.წ ხიფთანი. ხავერდი. ოქრომკედი და ვერცხლმკედი. მოსაცმელები ინდივიდუალურად იქმნებოდა მხოლოდ მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის. ძველ ფოტოებსა და ნახატებში ასეთ კოსტუმებში გამოწყობილებს ვხედავთ ქართული და ევროპული თავადაზნაურობის არაერთ ცნობილ წარმომადგენელს (მაგალითად მერი ადლერბერგი-დადიანისა; ქართველი მამელუქის ოჯახის წევრები; გარდა ამისა მსგავსი ტიპის ხიფთანი ეცვათ ჯორჯ ბაირონს, გრიგორი გაგარინს, ნაპოლეონ ბონაპარტის ქართველ მცველს რუსტამს და ა.შ.), მათ განსაკუთრებით დღესასწაულებზე იცვამდნენ. ნივთი ექსკლუზიურია და გამორჩეული ხელოვნების ნიმუშია.

რაც შეეხება კოპტურ ქსოვილებს, ამის შესახებ ხელოვნების სასახლეში განმარტავენ:

,,კოპტური ქსოვილის ფრაგმეტების 4 ნიმუშია. ოთხივე ნიმუში წარმოადგენს უნიკალურ და ძვირფას ხელოვნების ეგზემპლარებს. ამ ტიპის ტექსტილები გამოფენილია ბრიტანეთის მუზეუმის ეგვიპტურ დარბაზებში. ქსოვილები თარიღდება ახალი წელთაღრიცხვის 5-6 და 7 საუკუენებით, რაც თავისთავად ცხადყოფს მათ განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ექსკლუზიურობას. ოთხივე ფრაგმენტი წარმოადგენს კოპტური ტუნიკის ანუ კვართის ფრაგმენტებს და ძალიან საინტერესოა ქართული ქსოვილის ისტორიის შესასწავლად, რადგან ჰეროდოტეს ცნობების მიხედვით კოლხები და ეგვიპტელები ერთნაირად ამუშავებდნენ სელს.


როგორც თქვენთვის ცნობილია საქართველოს ხელოვნების სასახლე წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის უმდიდრეს სიძველეთსაცავს, სადაც დაცულია არაერთი უნიკალური ნიმუში,მუზეუმის უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების განხორციელება.ამ პერიოდში ხელოვნების სასახლე ახორციელებს საერთაშორისო სამეცნიერო პროექტს სახელწოდებით "ქსოვილი საქართველოდან".

აღნიშნული პროექტით დაგეგმილია როგორც გამოფენა, ისე სამეცნიერო კრებულის გამოცემა. ამ პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელია როგორც უძველესი კოპტური ქსოვილების, ასევე ძველი აღმოსავლური, კერძოდ ოსმალური ნაქარგობის ნიმუშების შესწავლა. ქართული ქსოვილი, მისი ორნამენტაცია განიცდიდა მეზობლების გავლენას და პირიქით. სწორედ ამ კონტაქტებისა და კულტურული კავშირების საილუსტრაციოდ ხელოვნების სასახლე წლებია ეძებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით განსაკუთრებული ქსოვილების და კოსტიუმების უძველეს და იუშვიათეს ექსპონატებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები