ახალი ამბები
ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შევა
შს სამინისტროს ცნობით, იმ პირების მიმართ, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებას ნასვამ მდგომარეობაში მართავენ, უფრო მკაცრი ზომები გატარდება. ამის შესახებ სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული.

კანონპროექტის მიხედვით, გაიზრდება იმ მძღოლების პასუხისმგებლობაც, რომლებიც მანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მაოძრაობენ.

„ცვლილებები ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის, საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, საგზაო- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის. პროექტით განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარების ახალი წესი." - აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტის მიხედვით, ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლს ქულები დააკლდება.

შსს-ს განმარტებით, პროექტის შემუშავება საგზაო მოძრაობის სფეროში პრაქტიკაში გამოვლენილი ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობით არის განპირობებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები