ახალი ამბები
პროფესიული სასწავლებლის ახალგაზრდებს ზოგადი განათლების მიღების საშუალება ექნებათ
საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდებს (9 კლასი) საშუალება მიეცემათ, პროფესიის შესწავლის პარალელურად, სრული ზოგადი განათლება მიიღონ. ამის შესახებ   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, მინისტრის მოადგილესთან ირინა აბულაძესთან და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსთან ირინა წეროძესთან ერთად, პროგრამის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, დაიწყება პროფესიული განათლების რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ასევე შემდეგ საკითხებს:  სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს (12 კლასი) შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებიც შემუშავებულია დამსაქმებლების მონაწილეობით;

პროფესიულ სასწავლებლებში გაძლიერდება სამეწარმეო განათლება და ინოვაციური სწავლება. განვითარდება მაღალტექნოლოგიური ცენტრები (EXCELLENCE CENTERS), რომლებიც ხელს შეუწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომავლის პროფესიების შესწავლას და ტექნიკური, ციფრული, სამეწარმეო და შემოქმედებითი უნარების განვითარებას;

ფორმალური განათლების ფარგლებში, სწრაფი დასაქმებისთვის, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსებით გათვალისწინებულია ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარება, რაც გულისხმობს მოსახლეობის უნარების განახლებას ან ახალი კომპეტენციების შეძენას.

გაუმჯობესდება რეგიონული დაფარვა. ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებითა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მოდელის გამოყენებით.

სამწლიანი ფაზა მიზნად ისახავს:

არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვას; პროფესიული პროგრამების განხორციელებაში დამსაქმებლების ჩართულობის ხელშეწყობას, სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური სწავლების მასშტაბების გაზრდით; გაცვლითი პროგრამებისა და საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამების დანერგვას; პროფესიული კონსულტირების სისტემის განვითარებას; პროფესიული განათლების მასწავლებლების, პროფესიული განვითარების ახალი მოდელის დანერგვას.


Print

სტატიის გამოყენების პირობები