ახალი ამბები
ატენი-ბოშურის გზის გახსნა მაისისთვის დაგეგმეს
ატენი-ბოშურის 10 კმ-იანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია 2019 წლის მაისისთვის დასრულდება. ამის შესახებ qartli.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, მშენებელი კომპანია, აღნიშნულ ვადაში, გამოტოვებულ ადგილებზეც დააგებს გზის საფარს.

,,ჩვენი ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები მაისის ბოლოსთვის დასრულდება. სამშენებლო კომპანიასთან და გორის მერიის შესაბამის სამსახურებთან კონსულტაციის პირობებში გზის გარკვეულ მონაკვეთებზე საგზაო სამუშაოების წარმოება გადავადდა. როგორც იცით, მერია აწარმოებს მანდ წყლის სამუშაოებს. " - აცხადებენ საგზაო დეპარტამენტში.

ატენი-ბოშურის გზის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 2016 წლის ოქტომბერში გამოცხადდა. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის ნოემბერში. კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა ბოლოს 2018 წლის ნოემბრამდე გადაუწიეს. ამჯერად კი, მაისამდე.

„10 კმ-იანი მონაკვეთის პროექტირება-მშენებლობა, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ხორციელდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 7,728,552.96 ლარია. პროექტის განხორციელების პერიოდი 12 თვეა.“, - საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები