ახალი ამბები
გორში ვალების გამო გაბრაზებულმა ქმარმა ცოლს ქვაბი და შეშის ნაჭერი ესროლა
შიდა ქართლის პოლიციამ ოჯახური ძალადობის ბრალდებით 44-წლის მამაკაცი დააკავა.

პროკურატურის მტკიცებით, დაკავებულმა მამაკაცმა მეუღლეს ურთიერთშელაპარაკების დროს ქვაბი და შეშის ნაჭერი ესროლა.

შემთხვევა 1 თებერვალს გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. პროკურორმა ოთარ ხორგუაშვილმა ბრალდებულის პატიმრობა მოითხოვა.

„ ბრალდებულმა კამათის დროს მეუღლეს სახეში ხელი გაარტყა, შემდეგ კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და მეტალის ქვაბი და შეშის ნაჭრი ესროლა, ვინაიდან ამ ადამიანს ერთხელ უკვე აქვს ჩადენილი მსგავსი ქმედება, არ არის გამორიცხული, რომ მეორედ ისევ გაიმეოროს, ამიტომ მოვითხოვთ მის პატიმრობაში დატოვებას.“-ამბობს პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი.

დაკავებულმა წარდგენილი ბრალდება აღიარა.

„25 წლის ოჯახი გვაქვს, ასეთი რამ მსგავსი არაფერი გვქონია. გაღიზიანებული, ვიყავი ვალების და უფულობით გამოწვეული პრობლემების გამო და ეს იყო ჩვენი ჩხუბის მიზეზი“- განაცხადა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა.

მოსამართლე შალვა კაკაურიძემ დაკავებულს 1000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები