ახალი ამბები
,,დავიბადე სოფელ ავნევში" - მამა დავითის (დურგლიშვილი) ინტერვიუ
დავიბადე სოფელ ავნევში. გადაწვეს მთელი სოფელი. ბავშვობაში არ ვგრძნობდი, თუ სასულიერო პირი გავხდებოდი. ღვთის მადლით, ტაძარშიც მოვედი. დაოჯახებამდე მეუფესთან სტიქაროსანი ვიყავი. დავვოჯახდი, მეუფემ დიაკვნად, შემდეგ მღვდლად მაკურთხა. ომის შემდეგ დეკანოზის ხარისხი მომანიჭეს. მადლობა უფალს ყველაფრისათვის. ავნევში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ვმსახურობდი. მანამდე, რამდენიმე წელი ზემო ნიქოზის ამაღლების ტაძარში ვწირავდი.

11 აგვისტოს მოგვიწია სოფლის დატოვება. ომის დროს სულიერად ვედექით გვერდით მოსახლეობას. შემდეგში მოგვიწია ომში დაღუპულთა გამოყვანა - ამით გამოვადექი ქვეყანას... ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა იყო თითოეული ჩვენგანის. ამის შემდეგ, ღვთის წყალობით, შევედი ავნევში და მოვინახულე იქ დარჩენილი მოხუცები, რომლებიც თან არ წამომყვნენ. ტყეობაშიც მოგვიწია ყოფნა - რამდენიმე საათი დაგვაკავეს ოსებმა. ერთს უნდოდა სანთებელათი აეტრუსა წვერი. ხელი ავუკარი. როცა დარწმუნდნენ, სასულიერო პირი ვიყავი, გამათავისუფლეს. მეორედაც შევედი სოფელში, ღვთისმშობლობის დღესასწაულზე. არ ვიცოდი, თუ ღვთისმშობლობას ერთ ჩვენებურ კაცს ორმოცი უსრულდებოდა. ჩემი იქ ჩასვლა ამ დღესაც დაემთხვა. ღვთისმშობლის შობის ტაძარი რომ არის, ამის გამო ჩავედი ავნევში. სოფელში ორი ქართველი მამაკაცი დამხვდა და ორმოცი ასე გადავიხადეთ. მეუღლეები ჰყავთ იმათ და მრავალი გაჭირვების მიუხედავად არ დატოვეს სოფელი. დღესაც იქ ცხოვრობენ, შვილები კი აქეთ არიან.

გადამწვარი სოფლის დანახვაზე ტირილი დავიწყე. შიში დამეუფლა, შეიძლება განცვიფრებაც. ოცნება ავისრულე. ჩემი სოფლის სილაურას წყალი დავლიე. მესამედ რომ შევედით, რუსებმა საბუთები მოგვთხოვეს. სადაურობა მკითხეს. აქაური ვარ, ომამდე აქ ვმსახურობდი-მეთქი. სოფელში დამწვარ სახლებს სურათები გადავუღეთ, ვენახსაც.

ტაძრები დანგრეული არ არის. თვითონაც ამბობენ, მართლმადიდებლები ვართო.

პატრიარქის ქადაგებაში მაქვს მოსმენილი, რომ ომის დროს ერთ-ერთი ადამიანი ჯვრის სახით დაწვა მიწაზე და ასე გადაირჩინა თავიო. მეც ასე მოვიქეცი და სხვებსაც ვურჩიე, ასე გაეკეთებინა. დაბომბვაში მოვყევით, მახლობლად დინამიტები ფეთქდებოდა. ღვთის წყალობით, ყველანი გადავრჩით.

დაბომბვაში პირველად 5 აგვისტოს მოვყევი. ტყეში საქონელს ვმწყემსავდი. შემდეგ - 9 აგვისტოს. მაშინ დაიბომბა მთლიანად ავნევი. ოჯახი, ცოლ-შვილი 7 აგვისტოს გავიყვანე სოფლიდან. დღეს ვცხოვრობთ კოტეჯებში, ვერხვების დასახლებაში. მჯერა, რომ ჩვენს სოფლებში აუცილებლად დავბრუნდებით. ჩემს გარშემო მყოფ დევნილებს დავაიმედებ, რომ ვისაც დაბრუნება უნდა, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან. რაც დავკარგეთ, თითოეული ჩვენგანის ბრალია. უფლისთის თხოვნით და სწორი ცხოვრებით ყველა ჩვენგანმა შეიძლება დადოს თითო აგური ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაში. უფალმა უკეთ იცის, რომ რასაც ვიმსახურებთ, იმას ვიმკით. მადლობა ღმერთს, რომ არ ვართ უფლისგან დავიწყებულები. ხანდახან სასჯელიც სასარგებლოა - ამით მაინც მოვეგებით გონს. მარტო ჩვენს სულზე მზრუნველობა არ არის მთავარი. მთავარია ჩვენი ქვეყნის გამთლიანებაზე ზრუნვა. ჩვენ უფლება არ გვაქვს, არ ვიყოთ უფლის მადიდებლები, არ ვიზრდებოდეთ არაეკლესიურად. ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე ეკლესიამ, მისმა ერთიანობამ გადაარჩინა.

გარდაცვალება გაწირვა არ არის. ომში დაღუპულებს ღვთისგან გაწირულად ვერ მოვიხსენიებდი. ცოტა ძნელია სათქმელად, მაგრამ მჩაგვრელობას დაჩაგრულად ყოფნა მირჩევნია. მირჩევნია უფლისთვის ვიყო სათნო და ვცხოვრობდე ისე, როგორც დღეს ვარ, ვიდრე ჩვენი ერი იყოს სხვა ხალხის განმდევნელი. დიდი წყალობა იქნება ის, როცა ღირსნი გავხდებით და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებით გავიხარებთ. წყალობა კიდევ იმაში ვეძებოთ, რომ ღირსნი გავხდეთ სულიერი და ფიზიკური გამოსწორებისა.

წყარო: ჟურნალი ,,კარიბჭე"
იბეჭდება შემოკლებით
Print

სტატიის გამოყენების პირობები