ახალი ამბები
პროტესტი ,,სისხლიან მიწებს" - სტალინის მუზეუმში

 

 

 

,,დაუშვებელია ჰიტლერისა და სტალინის შედარება, ეს მკრეხელობაა. შეუძლებლად მიმაჩნია, შევიდე დისკუსიაში იმ ხალხთან, რომლებმაც გაბედეს და ჩამოიტანეს წიგნი, რომელიც ჰიტლერს და სტალინს ერთ საფეხურზე აყენებს." - განაცხადა საზოგადოება ,,სტალინის" ხელმძღვანელმა ალეკო ლურსმანაშვილმა.

 

,,დიახ, უფასოდ არიგებენ წიგნებს, რომლითაც ტყუილს სინამდვილედ აჩვენებენ. ჩვენი წინაპრები ზღაპრებს რომ თხავზდნენ, ისინი სიკეთით იყო სავსე. ეს ბოროტებით არის სავსე. ახალგაზრდებს ნუ ვზრდით ბოროტებით. ბოროტებაა ის, რომ სტალინს ჰიტლერის გვერდით ვაყენებთ" - აღნიშნა ვალერი სუხიშვილმა, სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორმა.

 

ამის შემდეგ წიგნით უკმაყოფილო ადამიანებმა შეხვედრა დატოვეს.

 

სტალინის მუზეუმში არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამი” ტიმოთი სნაიდერის წიგნის: “სისხლიანი მიწები: ევროპა ჰიტლერსა და სტალინს შორის” თარგმანის პრეზენტაცია მაინც გაიმართა. პრეზენტაციას ორგანიზაცია ,,რადარამის" მენეჯერი მარიამ ადუაშვილი უძღვებოდა; ხოლო ისტორიის დოქტორანტმა  ნუკრი შოშიაშვილმა წიგნი შეაფასა. მისი თქმით, ისინი გორში არ ჩამოსულან იმისათვის, რომ დისკურსი სტალინი ,,ცუდია ან კარგიას" კუთხით გამართულიყო.

 

,,ლიბერალები აპელირებენ მსხვერპლის კუთხით, ხოლო სტალინის მომხრეები - სტალინის პროგრესულობის კუთხით. რა თქმა უნდა, ეს ორივე იყო და შეუძლებელია, ერთმანეთისგან გამიჯვნა.  მაგრამ ეს იყო უბრალოდ სოციალური გარდატეხის ბუნება თუ სტალინის პიროვნების ბოროტი მხარე, ამას სხვადასხვა პასუხი აქვს. ჩემი პირადი აზრით, ეს არის უბრალოდ სოციალური მოვლენები. იმიტომ, რომ ჩვენ თუ დავაკვირდებით საფრანგეთის რევოლუციას, მასაც თან ახლდა დიდი ტერორი, შემდეგ სხვადასხვა რევოლუციებსაც თან ახლდა დიდი ტერორი და არც რუსეთი და საბჭოთა კავშირი იყო გამონაკლისი. ეს ლოგიკა, სოციალური გარდატეხის და მოდერნიზაციის ლოგიკა, ყველა ქვეყანაში იწვევს დიდ მსხვერპლს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მსხვერპლის ფასი. სწორედ სნაიდერის წიგნის მიზანიც ის არის, რომ ეს მსხვერპლი არ იყოს დავიწყებული" - აღნიშნა ნუკრი შოშიაშვილმა.

 

წიგნის ავტორი, ტიმოთი სნაიდერი ამერიკელი ისტორიკოსი და იელის უნივერსიტეტის პროფესორია. ის იმ ოცწლიან პერიოდს იკვლევს, როდესაც ნაცისტური გერმანიისა და საბჭოთა კავშირის სისტემას თოთხმეტი მილიონი ადამიანი შეეწირა.

 

,,ეს ადამიანები არ ყოფილან ჯარისკაცები, ისინი არ დაღუპულან სამხედრო ოპერაციებისას, ისინი ბალტიის ქვეყნების, ბელარუსის, უკრაინის, პოლონეთის და რეგიონის სხვა ქვეყნების მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ამ ტოტალიტარულ რეჟიმებს ემსხვერპლნენ." - წერია წიგნში.


"რადარამი" ქართულად თარგმნის, გამოსცემს და ავრცელებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, პოპულარულ ენაზე დაწერილ სამეცნიერო, შემეცნებით, ბიოგრაფიულ და სხვა ჟანრის წიგნებს, რომლებიც ბოლო ხანებში სხვადასხვა ქვეყანაში გამოქვეყნდა. ჩვენი სურვილია შევუქმნათ ქართველ მკითხველს პირობები, რათა მშობლიურ ენაზე გაეცნოს იმ წიგნებს, რომლებიც თანამედროვე აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება, შეიძინოს ისინი ხელმისაწვდომ ფასად და მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიაში ჩაებას. წიგნი გამოიცა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მონაწილეობითა და ფინანსური მხარდაჭერით. 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები