ახალი ამბები
გამოძალვა და ჩაშლილი ქორწილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით - სასამართლო პრაქტიკა საქართველოში
საქართველოში ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე, პროკურატურის მოთხოვნით, დაკავებული ორი პირიდან ერთს პირობითი მსჯავრი, ხოლო მეორეს - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილებები ძალაშია შესული.

ფულის გამოძალვა

2016 წლის მარტში მამაკაცმა ინტერნეტში სოციალურ ქსელ „-ში“, სადაც დარეგისტრირებული იყო როგორც მომხმარებელი, გაიცნო 17 წლის არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც ასევე დარეგისტრირებული იყო, როგორც მომხმარებელი. პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცი დაუახლოვდა გოგონას და განუცხადა, რომ თითქოსდა უყვარდა და უფრო ახლოს გასაცნობად მოსთხოვა, შიშველს გადაეღო თავისი ფოტოსურათები და გაეგზავნა მისთვის.

მას შემდეგ, რაც მამაკაცს უკვე გააჩნდა გოგონას ფოტოსურათები, განიზრახა მისგან, სახელგამტეხი ცნობებისა და ფოტოსურათების გავრცელების მუქარის სანაცვლოდ, თანხის გამოძალვა. უკავშირდებოდა ტელეფონით და თანხის ჩარიცხვას აიძულებდა ტოტალიზატორის ანგარიშზე.

2016 წლის 8 აპრილს, მას შემდეგ, რაც გოგონამ გამოძალვის თაობაზე მიმართა სამართალდამცავ ორგანოს, მამაკაცს უარი განუცხადა დამატებით მოთხოვნილი თანხის გადაცემაზე. თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა გამოძალვის მიზნით მუქარას და სთხოვდა სხვადასხვა ოდენობის თანხას. მან 2016 წლის 12 და 13 აპრილს სოციალურ ქსელში გოგონასვე პროფილზე, გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი, კერძოდ, შიშველ მდგომარეობაში გადაღებული ფოტოსურათები, რამაც დაზარალებულს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

მამაკაცმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაახასიათეს დადებითად, შეურიგდა დაზარალებულს, რის გამოც  4-წლის ვადითპირობითი მსჯავრი შეუფარდეს.

ჩაშლილი ქორწილი

ერთ-ერთ ქალაქის სასტუმრო „---ში“ სქესობრივი კავშირის დამყარების შემდეგ მამაკაცმა სოციალურ ქსელში ქალის ნების საწინააღმდეგოდ, გაავრცელა მასთან სქესობრივი კავშირის ამსახველი ფოტომასალა და მობილური ტელეფონით გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებით აცნობა ქალის საქმროს ამ ფოტომასალის არსებობის შესახებ. საქმროს მიერ ფოტოსურათების ნახვის შემდეგ ჩაიშალა მათი ქორწინება, ხოლო ქალი მიყენებული მორალური ტრავმის შემდეგ გადიოდა მკურნალობას ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში.

2014 წლის 10 ივლისის განაჩენით,  მამაკაცი გამართლდა გაუპატიურების ნაწილში, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების გამო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები