ახალი ამბები
სკოლაში მოსწავლის დაკბენის საკითხზე მშობელი ჟურნალისტებს საყვედურობს
გორის ერთ-ერთ სკოლაში უმცროსკლასელმა თანატოლს ხელზე უკბინა. დაზარალებული მოსწავლის მშობელი სკოლის დამლაგებელია, რომელიც აცხადებს, რომ ჟურნალისტებმა ფაქტი არასწორად გააშუქეს.

,,ძალიან უკმაყოფილო ვარ ჟურნალისტების. ისეთი რამეები დაწერეს, რაც არ მომხდარა. ჯერ ის, რომ ბავშვებმა ერთმანეთი დაკბინესო. დირექტორთან ურთიერთობას კი ჩვენ თვითონ მოვაგვარებთ" - აცხადებს მშობელი qartli.ge-სთან საუბრისას.

ინფორმაცია თავდაპირველად ტელეკომპანია ,,თრიალეთმა" გააშუქა. ინტერვიუში მშობელი აცხადებს, რომ სკოლის დირექტორმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა არ გამოაძახებინა. ფაქტის შესახებ მედიასაშუალებით შეიტყო რესურსცენტრის ხელმძღვანელმაც, ნანა ტერმაკოზშვილმა. ნანა ტერმაკოზაშვილი ამბობს, რომ სკოლის დირექტორმა ამის თაობაზე გარკვეული მიზეზები დაასახელა:

,,სკოლის დირექტორმა მითხრა, რომ გოგონას სამედიცინო დახმარება მოადგილეს აღმოუჩენია. საკუთარი მანქანით წაუყვანია საავადმყოფოში. რაც შეეხება მშობლის პოზიციას, დირექტორი ამბობს, რომ მშობელი ცრუობს." - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ფაქტზე რეაგირება მანდატურის თანამშრომლებმა მოახდინეს:

,,მანდატურებს მშობელისთვის მაშინვე შეუთავაზებიათ დახმარება სასწრაფოს გამოძახების თაობაზე." - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი. ბავშვებს შორის ინციდენტი ნახატმა გამოიწვია.

ფაქტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებაში გავრცელდა, სადაც დასახელებული იყო არა მარტო სკოლა, არამედ მშობელიც, სკოლის დირექტორიც და ბავშვიც კი.

,,მშობლის ან მეურვის თანხმობა არ ათავისუფლებს ჟურნალისტს პასუხიმგებლობისგან თავად გადაწყვიტოს რამდენად სწორი იქნება ამა თუ იმ საკითხზე ბავშვის კომენტარის ჩაწერა, ან ფოტოს გამოქვეყნება. მან თავად უნდა შეაფასოს ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება ბავშვის იდენტიფიცირებას მოჰყვეს. ზოგჯერ მშობლები ნაკლები ინფორმაციის, განათლების თუ უბრალოდ მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ვერ იაზრებენ, რა საფრთხეების მომტანია მასალაში ბავშვის იდენტიფიცირება." - წერია ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელოში, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები