ახალი ამბები
შსს: ,,მოზარდებმა სათვალთვალო კამერა მოიპარეს და გზად მანქანები დალეწეს"
გორის პოლიციამ დაათვალიერა ენმ-ს ოფისთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალა, რომელიც გვიან ღამით, გარსევანიშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ასახავს. ამის შესახებ დაზარალებულს გამომძიებელმა აცნობა.

გორის შს სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ მოზარდებმა, ჯერ სხვა ადგილზე, სათვალთვალო კამერა მოიპარეს, შემდეგ გააგრძელეს გზა დიდების მუზეუმიდან წერეთლის ქუჩაზე. ჩიხიდან კი, გარსევანიშვილის ქუჩაზე გავიდნენ.

,,გამომძიებელმა მითხრა, რომ ჩემი მანქანის მინა, მოპარული სათვალთვალო კამერით, ჩაამსხვრიეს. მე ჩანაწერი არ მინახავს და იმედი მაქვს, გამაცნობენ" - გვითხრა მანქანის მფლობელმა.

შემთხვევა 6 თებერვალს დილით მოხდა. დაზარალებულ ქალბატონს დილის 8 საათზე ძმამ დაურეკა და აცნობა, რომ ფანჯრიდან გადაეხედა და მანქანა ენახა.

რაც შეეხება მოპარულ სათვალთვალო კამერებს, პოლიციის მტკიცებით, მოზარდებმა ის სტალინის გამზირზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელიდან მოიპარეს. თუმცა აღნიშნული კამერების დაზიანების შესახებ, ინფორმაცია ბევრად ადრე qartli.ge-მ 2018 წელის სექტემბერში გამოაქვეყნა. ,,მას შემდეგ ახალი კამერები არ დაგვიყენებია" - აცხადებს მერის პრეს-სამსახური.





Print

სტატიის გამოყენების პირობები