ახალი ამბები
გორში სკოლის მანდატურმა პოლიციას აცნობა, რომ მშობელმა პედაგოგს ხელი გაარტყა
გორის შს სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება პედაგოგის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. ინციდენტის შესახებ, შს სამმართველოს აცნობა მანდატურმა.

,,პოლიცია რა რეაგირებას მოახდენს, ამის თაობაზე, ჩვენთვის უცნობია. გამოძიებას კრიმინალური პოლიცია აწარმოებს. ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა. როგორც დღეს სკოლიდან მაცნობეს, დისციპლინურ კომიტეტმა საქმის შესწავლა დაიწყო" - აცხადებს რესურსცენტრის უფროსი ნანა ტერმაკოზაშვილი.

წინასწარი ინფორმაციით, სკოლაში მეოთხე კლასელი ბავშვის მშობელი მივიდა და პედაგოგს ხელი გაარტყა. მშობელი აცხადებდა, რომ მის შვილს პედაგოგმა სცემა:

,,რაც შეეხება ბავშვის ცემის ფაქტს, დისციპლინურმა კომიტეტმა დღეს გამოკითხა მოსწავლეები და პედაგოგი. თუ დადასტურდა ეს ფაქტი, სკოლა საკუთარი წესდების მიხედვით, იმოქმედებს" - ამბობს ნანა ტერმაკოზაშვილი.

შს სამინისტროს პრეს-სამსახური ლედი ოქროპირიძე qartli.ge-სთან კომენტარს არ აკეთებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები