ახალი ამბები
თემურ მანველიშვილს მანქანაზე მუქარის წერილი დაუტოვეს
გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის აწ უკვე ყოფილ უფროსს თემურ მანველიშვილს მანქანაზე მუქარის შემცველი შინაარსის წერილი დაუტოვეს. ამის თაობაზე მანველიშვილმა qartli.ge-სთან ისაუბრა.

მისი თქმით, გარკვეული ჯგუფის ადამიანებმა ქალაქში ჯერ მისი შეურაცხმყოფელი ფოტოები გამოაქვეყნეს, შემდეგ კი, სახლის წინ, მუქარის წერილი დაუგდეს. წერილში აღნიშნული იყო, რომ თუკი მანველიშვილი თანამდებობას არ დატოვებდა, უარესი მოელოდა.

,,როგორც იცით, ქალაქში გააკრეს პლაკატები, რითაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახეს თავიანთი რეალური სახე. რამდენიმე დღის შემდეგ კი, მანქანაზე დამიტოვეს წარწერა - წადი თანამდებობიდან, თორემ უარესი დაგემართებაო. სამსახურიდან წავედი იმის გამო, რომ რთულ მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა ოჯახის წევრები და შვილები. ჩემ შვილებს რომ სადმე ენახათ ეს პლაკატები გაკრული, მძიმე ტრავმას მიიღებდნენ" - აღნიშნავს თემურ მანველიშვილი. იგი განმარტავს, რომ საზოგადოებისთვის მისი მხრიდან არანაირი შეურაცხმყოფელი ქმედება არ განხორცილებულა.

თემურ მანველიშვილმა 2018 წლის ოქტომბერში თავზე ვედრო ჩამოამხ სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს. მაქარაშვილი იმ სპროტესტო აქციის მონაწილე და ორგანიზატორი იყო, რომელიც გორის მერიის წინ გაიმართა. აქციის დამთავრების შემდეგ, მანველიშვილმა მაქარაშვილს თავზე ვედრო ჩამოამხო, სადაც ფუნა და ხორბლის ნარჩენები იყო ჩაყრილი.

საპროტესტო აქციის დროს მონაწილეებმა ფუნა და ხორბალი მერიის შენობის წინ დაყარეს. ისინი გორის მერის განცხადებას აპროტესტებდნენ, რომელიც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა დევნილთა დასახლებაში გააკეთა. მერმა აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის დროს ცხინვალის მიმართულებით დაიბომბა მოსახლეობა.

მანველიშვილის ქმედება მაქარაშვილმა პროკურატურაში გაასაჩივრა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, მაქარაშვილი კი, დაზარალებულად ცნეს.

დაზარალბულად მაქარაშვილის ცნობის შემდეგ, თემურ მანველიშვილმა გადადგომის შესახებ, მერიას განცხადებით მიმართა. მერმა ორი კვირის განმავლობაში განცხადებას რეზოლუცია არ დაადო. ამის შემდეგ, თემურ მანველიშვილმა მერს დაუყოვნებლივ გათავისყუფლების თაობაზე, ახალი წერილით მიმართა. კოტე თავზარაშვილმა მეორე განცხადება დაუყოვნებლივ დააკმაყოფილა.

სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში" შექმნილ ჯგუფში მანველიშვილის მხარდამჭერები წერენ, რომ გორის მერს უნდა გამოეკვლია რეალური მიზეზები, თუ რატომ მიდის საკუთარი ნებით მანველიშვილი. ისინი ფიქრობენ, რომ მანველიშვილი ღირსეულად მოიქცა, ხოლო გორის მერისაგან მხარდაჭერა არ მიუღია. მანველიშვილის მხარდამჭერთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა 500-ს აღწევს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები