ახალი ამბები
გორში მოქალაქემ პოლიციას და სიდედრს ოჯახურ საქმეებში ჩარევის გამო აგინა
გორის მოსამართლემ ვალერიან ფილიშვილმა 48-წლის მამაკაცს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა იმის გამო, რომ მან პოლიციელებს აგინა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის შს სამმართველოს მოთხოვნის შემდეგ, მიიღო.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დაკავებულ მამაკაცს ოქმი 173-ე მუხლის მიხედვით შეუდგინეს. ოქმის მიხედვით, 8 თებერვალს, შემაკავებელი ორდერის წარდგენის დროს, მამაკაცმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებული მამაკაცი აცხადებდა, რომ მან ვერ მოითმინა ოჯახურ საქმეებში პოლიციელებისა და სიდედრის ჩართვა.

,,სახლში მეძინა, როდესაც პოლიციელები მოვიდნენ და მათთან ერთად დავინახე სიდედრი. ძალიან გავბრაზდი. ძირითადად მაგის გამო. ვინანიებ ჩადენილ საქციელს, ნასვამი ვიყავი და ძალიან ვნანობ, რაც ჩავიდინე." - განაცხადა მამაკაცმა.

მისი თქმით, იგი სოფელში მესაფლავედ იყო წასული, სადაც ღვინო დალია. სახლში დაბრუნებისას ბავშვის საწოლი გადააადგილა, რის გამოც მეუღლისგან შენიშვნა მიიღო.

,,ამას მოჰყვა ჩვენი კამათი. სახლში რომ შევედი, ეს კალიასკა რატო დგას აქ-მეთქი და გადავაადგილე. ამაზე ჩემმა მეუღლემ დაიწყო ჩხუბი. უეჭველი დედაშენმა გასწიაო. მოგვივიდა კამათი. დედამ მყავს ავად. ბავშვები ძალიან პატარები არიან. არც იმის საშუალება გვაქვს, რომ ჯარიმა გადავიხადოთ" - აცხადებს სამართალდამრღვევი.

ინციდენტის შემდეგ, მეუღლე სოფელ მეჯვრისხევში წავიდა, სადაც პოლიციის განყოფილება მდებარეობს. მან ქმრის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა მოითხოვა. მეჯვრისხევის განყოფილებამ ორდერი გამოწერა. მამაკაცის სახლში სწორედ მის ჩასაბარებლად მივიდა.

პოლიციელებმა მამაკაცი დადებითად დაახასიათეს. აღნიშნეს, რომ სოფელში ერთ-ერთი უწესიერესი და მშრომელი მოქალაქეა. ,,თანახმა ვართ, რომ სიტყვიერი შენიშვნა მისცეთ" - განაცხადა პოლიციელმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები