ახალი ამბები
გორის ბაღებში ბანანისა და წიწიბურას მიწოდებაზე დავა წარმოიშვა
დღეს შპს ჯი-ეს-სი-ს წარმომადგენელმა ალექსანდრე გედენიძემ გორის ბაღების სააგენტოს უჩივლა და აღნიშნა, რომ მეორე კომპანია, რომელიც გორის ბაღებს ბანანი და წიწიბურა შესაძლოა მიაწოდოს, იტყუება.

ამის შესახებ მან შესყიდვების სააგენტოს წერილობით მიმართა. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პრეტენდენტს, ინდმეწარმე შმაგი თათოშვილს (ახალციხე), მწარმოებლის შესახებ ველში მითითებული აქვს არასწორი ინფორმაცია.

კერძოდ, პირველ პოზიციაზე ,,ბრინჯი"- მითითებული აქვს ,,კანგორე თრეიდესი". წარმოშობის სერტიფიკატის მიხედვით არის ,,KANGORE TRADERS". მეორე პოზიციაზე ,,ბანანი"- მითითებული აქვს ,,სებასტიანო". სერტიფიკატის მიხედვით ბანანი მოთავსებულია სებასტიანოს ყუთებში, ხოლო მწარმოებელი არის ,,TUCHOK S.A.".

რაც შეეხება წიწიბურად, აქ, გედენიძის თქმით, გამარჯვებულ კომპანიას მითითებული აქვს, რომ მწარმოებელია შპს ,,გიდანი".

,,შპს ,,გიდანი" არის ქართული კომპანია, რომელიც არ აწარმოებს წიწიბურას, იგი არის ამ პროდუქტის იმპორტიორი ან/და ტვირთის მიმღები, ხოლო წიწიბურა ნაწარმოებია რუსეთში სხვადასხვა კომპანიების მიერ, რასაც მისი წარმოშობის სერტიფიკატიც ადასტურებს, შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი მწარმოებელი კომპანიები არ შეესაბამება სინამდვილეს, (რასაც წარმოშობის სერტიფიკატები მოწმობს), ხოლო აღნიშნულის შემდგომი დაზუსტება კანონმდებლობით დაუშვებელია." - აღნიშნავს გედენიძე.

შპს ჯი-ეს-სი-ს წარმომადეგენელი ითხოვს, რომ ტენდერი გაუქმდეს და ახალი გამოცხადდეს. საჩივარი ჯერ არ განხილულა.

ბაღების სააგენტოშო აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებული ჯერ არავინაა გამოვლენილი:

,,რომელ კომპანიაზეც საჩივრის ავტორი მიუთითებს, მას დოკუმენტაცია ხარვეზით აქვს წარდგენილი. ჩვენ მას დავავალეთ, რომ წარმოდგინა სრულყოფილი დოკუმენტაცია. წარმოადგინა ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ წარმოადგენს ოფიციალურ სახეს. ამიტომ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. რაკი საჩივარი შესულია შესყიდვების სააგენტოში, მაინც დაველოდებით სააგენტოს გადაწყვეტილებას" - გვითხრეს ბაღების მართვის სააგენტოში.

შმაგი თათოშვილის ტელეფონის ნომერი, რომელიც მითითებულია დოკუმენტაციაში, რეგისტრირებული არ არის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები