ახალი ამბები
ხელთუბანში თორნიკე მერებაშვილის დაღუპვის საქმეზე პოლიციამ მამაკაცი ავარიის მუხლით დააკავა
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს. ამის შესახებ qartli.ge-ს შსს-ს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული 2018 წლის 6 ივლისს, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც მან ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დაცვა და 1999 წელს დაბადებულ თორნიკე მერებაშვილს შეეჯახა.  თორნიკე მერებაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

,,საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები.  მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს გარდაცვლილი თ.მ.-ს კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამავე დასკვნისა და საქმეზე ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, პოლიციამ ზ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის ფაქტზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს." - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ოჯახი აცხადებდა, რომ მათი შვილი მოკლულია. ამის თაობაზე აქციები გაიმართა და თანასოფლელებმა ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები