ახალი ამბები
ახალი დეტალები - მეჯვრისხევში სტიქიას მხოლოდ პოლიციის მაღალჩინოსნის სახლი ,,დაუზიანებია"
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში, პოლიციის მაღალჩინოსნის საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საქმეზე ახალი დეტალები იკვეთება. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც qartli.ge-მ მოიპვა, 2015 წლის 12-13 ნოემბრის სტიქიის დროს, მეჯვრისხევში, სადაც 1000-ზე მეტი კომლი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლები არ დაზიანებულა.

სიიდან კი, პოლიციის მაღალჩინოსნის სახელი და გვარი მას შემდეგ ამოიღეს, რაც ფაქტით qartli.ge დაინტერესდა.

ექსპერტთა დასკვნას ოთხი კაცი აწერს ხელი. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინსპექტირების ჯგუფის დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლები დაზიანდა სხვა სოფლებში. ოღონდ, ამ საცხოვრებელ სახლებს, სტიქიის მიუხედავად, არ ჭირდებოდათ სრული რეაბილიტაცია.

გამგეობის გადაწყვეტილებით, სხვა სოფლებში 16 ოჯახს მიაწოდეს შიფერები. რაც შეეხება გორის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელის სახლს, მის სახლს (შეძენილი 2006 წელს, რეგისტრირებულია იმავე წელს პირადი ნომრით) სახურავი სრულად გამოუცვალეს, მათ შორის ხის კოჭები.

ფოტო-ფაქტი: ჩანს სრულად რეაბილიტირებული სახურავი



საქმე ეხება გორის შს სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსის, პაატა კოდოშვილის კუთვნილ საცხოვრებელი სახლის სახურავის სრულ რეაბილიტაციას. სახურავი 2015 წლის დეკემბერში, კომპანია ,,ალონისმა" გამგებლის დავალებით, გამოცვალა. ფორსმაჟორულ სიტუაციაში ,,ალონისმა" სხვა სახლებიც გაარემონტა, ჯამში დახარჯა 300 000 ლარი.

როდესაც ,,ალონისის" დირექტორმა ხარჯთაღრიცხვა გამგეობას წარუდგინა, მასთან ხელშეკრულება ვეღარ გააფორმეს, რადგან 13 ნოემბრის სტიქიიდან ერთი თვე იყო გასული. ფორსმაჟორულ სიტუაციაში ხელშეკრულება ერთი თვის მანძილზე უნდა გაფორმებულიყო:

,,ეს არ იყო ჩემი ბრალი. მაგათ დამიგვიანეს ხელშეკრულების გაფორმება. მე კიდევ თანხის ანაზღაურებას ვითხოვ" - აცხადებს ,,ალონისის" დირექტორი მაკედონ ანანიკოვი. იგი სასამართლოში დღემდე ჩივის, რათა მერიას 300 000 ლარის გადახდა დაეკისროს.

იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო გაიზიარებს მაკედონ ანანიკოვის პოზიციას, პაატა კოდოშვილის საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაციის თანხას ბიუჯეტი დაფარავს.

იმავე პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მანანა მეგრელიშვილი ითხოვდა დაზიანებული სახლის რეაბილიტაციას. მისი თქმით, სახლის სახურავი სწორედ სტიქიის შედეგად დაზიანდა, თუმცა მას შიფერიც არ მისცეს.





იხ. ამავე თემაზე:

გორის პოლიციის მაღალჩინოსნის სახლს გამგებლის დავალებით სახურავი გამოუცვალეს





Print

სტატიის გამოყენების პირობები