ახალი ამბები
საპოლიციო რეიდის კონსტიტუციურობის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო განხილვას იწყებს
დღეს, 13 თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს საპოლიციო რეიდის კონსტიტუციურობის საკითხზე, სარჩელის განხილვას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC ავრცელებს.

EMC-იმ სასამართლოს 2018 წლის მარტში მიმართა და მოითხოვა “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა, რომელიც ადგენს სპეციალური საპოლიციო კონტროლის, ე.წ რეიდის ჩატარების საფუძვლებს.

სარჩელში აღნიშნულია, რომ საპოლიციო რეიდის ჩატარება შესაძლებელი ხდება უკიდურესად ბუნდოვანი და აბსტრაქტული საფუძვლებით, ყოველგვარი ინდივიდუალური ეჭვის გარეშე შესაძლებელია ყველა პირის შეჩერება და შემოწმება, რომელიც რეიდის ჩატარების ადგილზე მოხვდება. სამართალდამცავ ორგანოებს შესაძლებლობა ეძლევათ, რეიდის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღონ ნებისმიერი სიმძიმის დანაშაულის ან სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაციის არსებობისას და მნიშვნელოვანი პროცესუალური გარანტიების და დაცვის მექანიზმების გარეშე მოახდინონ რეაგირება არსებულ ინფორმაციაზე. სარჩელში პრობლემად არის დასმული შინაგან საქმეთა მინისტრის უფლებამოსილება საკუთარი ბრძანებით, რეიდის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე და განუსაზღვრელი დროით.

წარდგენილი სარჩელით, EMC ამტკიცებს, რომ საპოლიციო რეიდის არსებული ფორმა არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების, ღირსების ხელშეუვალობისა და პირადი ცხოვრების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს.

qartli.ge ქალაქ გორში საპოლიციო რეიდებს არაერთხელ შეესწრო. მაგალითად, ერთ-ერთი შემთხვევა 2018 წლის აგვისტოს დააფიქსირა. კერძოდ, წმინდაწყლის დასახლებაში, დაახლოებით 23:30 სთ-ზე, ოთხმა სამართალდამცველმა ორი მოქალაქე გააჩერა. თავდაპირველად, გაჩხრიკეს, შემდეგ, მობილური ტელეფონით ფოტოები გადაუღეს. მცირეხნიანი საუბრის შემდეგ მონაცემები ტელეფონში ჩაიწერეს და შესაბამისი ოქმის შედგენის გარეშე გაუშვეს. 



ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, სპეციალური საპოლიციო ღონისძიების განხორციელების წესსა და საფუძვლებს განსაზღვრავს პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლი. აღნიშნული ღონისძიება ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.

,,აუცილებელია, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით. გვსურს ასევე ავღნიშნოთ, რომ პოლიციის საქმიანობა არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობის, საკუთრების უფლებებსა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ სხვა უფლებებს." - აღნიშნულია საიას განცხადებაში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ცნობით, სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს, მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ:

ღონისძიების დაწყებამდე, პოლიციელი ვალდებულია მოქალაქეს წარუდგინოს თავი, აგრეთვე მისი სამუშაო ადგილი; რეიდის განხორციელებისას სავალდებულოა, პოლიციელი აღჭურვილი იყოს სამხრე ვიდეო-კამერით, რომელიც ჩართულ მდგომარეობაში უნდა იყოს მოქალაქესთან კონტაქტის დროს; - რეიდის ფარგლებში, პირის ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მის ტანისამოსზე მხოლოდ გარედან შეხების გზით პირის შემოწმებას. ზედაპირული შემოწმების დროს პოლიციას არ აქვს უფლება, პირს ჯიბესი ჩაუყოს ხელი, გახადოს ტანსაცმელი, ან თავად მოქალაქეს სთხოვოს ამის გაკეთება; ზედაპირულ შემოწმებას ატარებს იგივე სქესის პოლიციელი; თუკი მოქალაქე მიიჩნევს, რომ ამ ღონისძიების ფარგლებში დაირღვა მისი უფლებები, ან სამართალდამცავმა დაარღვია ეთიკის წესები, მას შეუძლია მიმართოს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ნომერზე 126.

რაც შეეხება ფოტოგადაღებას, პოლიციას უფლება აქვს მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან და პირის იდენტიფიკაცია აუცილებელია სამართალდარღვევათა პრევენციისათვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან.

პირის იდენტიფიკაციის ღონისძიებებია: ა) თითისა და ხელისგულის ანაბეჭდების აღება; ბ) ფოტოსურათის გადაღება; გ) დამახასიათებელი ფიზიკური ნიშნების დაფიქსირება; დ) სიმაღლის გაზომვა; ე) ხმის ჩაწერა; ვ) სხვა ბიომეტრიული მონაცემების დაფიქსირება.

იდენტიფიკაციის ღონისძიების განხორციელებამდე პირს უნდა მიეცეს საშუალება, გონივრულ ვადაში ნებაყოფლობით დაამტკიცოს თავისი ვინაობა.

პოლიციელი ადგენს ოქმს, რომელშიც მიეთითება ღონისძიების განხორციელების საფუძველი და ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება. ოქმს ხელს აწერენ პოლიციელი და ღონისძიების ადრესატი მოქალაქე. მოქალაქის მიერ ხელის მოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. მოქალაქეს უფლება აქვს, ოქმში შეიტანოს შენიშვნა, რომელიც უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები