ახალი ამბები
გორის კულტურის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი სასამართლომ გაამართლა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ლექსო ვალიაურის სარჩელი, რომლითაც გორის მერიას, მის სასარგებლოდ, 12 000 ლარის გადახდა, კომპენსაციის სახით, დაეკისრა. ამის შესახებ qartli.ge-ს განუცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა, ქეთი ბებიაშვილმა.

მისი თქმით, სასარჩელო მოთხოვნა ითვალისწინებდა როგორც განაცდურის ანაზღაურებას, ასევე, თანამდებობაზე აღდგენას. თანამდებობის აღდგენის ნაწილში სასამართლომ მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

ლექსო ვალიაური 2015 წელს კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს. საფუძვლად აუდიტის დასკვნა დაასახელეს, რომლის მიხედვით, ვალიაურმა ბიუჯეტს ზიანი მიაყენა. ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ლექსო ვალიაურს არ მიუძღვის ბრალი იმ ქმედებებში, რომლის გამოც, გორის მერმა (ყოფილმა) 2015 წელს იგი კულტურის ცენტრიდან გაათავისუფლა.


რა მოხდა 2015 წელს

მერიის შიდა აუდიტი ქალაქ გორის მერიასთან არსებულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის საქმიანობის შესახებ მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც ანსამბლი ,,შავლეგო" გასტროლებზე პორტუგალიასა და ესპანეთში, ერთი თვის განმავლობაში, იმყოფებოდა. ამ გასტროლებს კულტურის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი - მათ შორის ხელმძღვანელი ლექსო ვალიაური და მისი მოადგილე ლიზი ყაზიშვილი ახლდნენ.

ოფიციალურად დადგენილია, რომ 2015 წლის ზაფხულში ლექსო ვალიაურმა ქალაქ გორის მერს წერილობით, ანსამბლ ,,შავლეგოს"-თვის ვიზების დროულ და უპრობლემოდ გაცემასთან დაკავშირებით, საელჩოში შუამდგომლობის გაწევა სთხოვა.

გორის მერმა საელჩოს შუამდგომლობის წერილი გაუგზავნა და ანსამბლის მონაწილეებმა ვიზები უპრობლემოდ მიიღეს. თუმცა, მერმა იმ პერიოდში არ იცოდა, მისი თქმით, მართლა კულტურის ცენტრის იყო ეს ანსამბლი, თუ კერძო?

მანამდე, გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ლექსო ვალიაურის ის თხოვნაც დააკმაყოფილა, რომლითაც ააიპ ,,გორის კულტურის ცენტრმა" საზღვარგარეთ მივლინების ხარჯების მუხლში, სხვა მუხლიდან, თანხა გადაიტანა.

ამის შემდეგ, ლექსო ვალიაურმა გორის მერს მორიგი წერილით მიმართა, რათა ანსამბლის წევრებთან ერთად, კულტურის ცენტრის თანამშრომლებისთვის მივლინების ხარჯების ნებართვა მიეღო. გორის მერი ირწმუნებოდა, რომ ეს ნებართვა გაცემული არ ჰქონდა.

,,2015 წლის 3 აგვისტოს მოვიკითხე, თუ რატომ უნდა გამეცა მივლინების ხარჯების შესახებ თანხმობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯგუფი უკვე ევროპაშია" - აცხადებს გორის მერი.

ლექსო ვალიაური თვლის, რომ მას ნებართვა გორის მერისგან უკვე მოპოვებული ჰქონდა და ამის დამამტკიცებელ საბუთად, სწორედ, ის წერილი მოჰყავს, რომელიც მერმა საელჩოში, ვიზების გაცემის მიზნით, გაგზავნა.

,,მე ვიზებზე შუამდგომლობა კი გავწიე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანხმობა მივეცი აიპის თანხის ხარჯვაზე" - აცხადებს ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი. ,,თუ კარგად წავიკითხავთ მაგ წერილს, იქ ლექსო ვალიაური მწერს, რომ ვიზები ჭირდება კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლისთვის. სინამდვილეში ეს ანსამბლი კულტურის ცენტრის დაქვემდებარეში არ იყო" - ამტკიცებდა ქალაქის მაშინდელი მერი.

გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებდა, რომ ანსამბლი ,,შავლეგო" იურიდიულად არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, ვერ მიაკვლიეს. ერთადერთი, რაც ამ ანსამბლს კულტურის ცენტრთან აკავშირებს, არის ის, რომ მოცეკვავეებს ფართი კულტურის ცენტრის შენობაში აქვთ დაქირავებული.

კულტურის ცენტრის შენობა მერიის საკუთრებაა. აუდიტის სამსახური თვლიდა, რომ ანსამბლმა ქირის თანხა მერიის ბიუჯეტის ანგარიშზე არ გადარიცხა. ეს თანხა ირიცხებოდა აიპის ანგარიშზე, რისი უფლებაც არ ჰქონდათო. ასევე აუდიტის სამსახური თვლიდა, რომ ქირის ხელშეკრულებაზე თანხმობა კულტურის ცენტრს არ ჰქონდა.

,,რამდენჯერმე მივმართე მერიას, რომ საიჯარო ხელშეკრულებების დადების შესახებ, თანხმობა მიმეღო, მაგრამ შეგნებულად არ აკეთებდნენ ამას" - ამბობს ლექსო ვალიაური. მას ეს თანხმობა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, მაშინ არსებულ გორის მუნიციპალიტეტისგან ჰქონდა მიღებული. მერიის შექმნის შემდეგ ეს თანხმობა ანულირებულ იქნა.

აუდიტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. საქმის წარმოების დროს, დაადგინეს, რომ ვალიაური უნდა წავიდეს სამსახურიდან.

დღევანდელი მდგომარეობა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი აცხადებს, რომ ქონების გაქირავების ნაწილშიც გამართლდა ლექსო ვალიაური, რადგან მას აღნიშნული ქმედებით მერიისთვის ზიანი არ მიუყენებია. ,,მერია აპელირებდა, რომ ქონების გაქირავებით ზიანი მიადგა, თუმცა ეს ზიანი არ დადასტურდა, პირიქით, ადგილობრივი ბიუჯეტი ამით სარგებელს ნახულობდა" - აცხადებს ქეთი ბებიაშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები