ახალი ამბები
გორში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდება შესაძლოა მოეხსნას
გორის პოლიციამ, სოფელ ახალსოფელთან, დააკავა პიროვნება, რომელსაც ბრალი, საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მუხლით, წაუყენეს. ამის შესახებ qartli.ge გასულ წელს წერდა.

შს სამმართველოს თანამშრომლებმა, გადამოწმებისას გაარკვიეს, რომ რუსეთის მოქალაქე საქართველოში თანმიმდებრვობით შემოსულია ორჯერ ისე, რომ გასვლა მათ შუალედში დაფიქსირებულია ერთხელ.

,,ეს პიროვნება, ეთნიკური აზერბაიჯანელი იმყოფებოდა სოფელ ახალსოფელში ცხვრის საყიდლად. გააჩერა პოლიციამ და უთხრა, რომ ის საქართველოში უკანონოდ იყო შემოსული. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაოცდა. პოლიციამ მონაცემთა ბაზაში ნახა, რომ პიროვნება საქართველოდან წასულია რუსეთში, შემდეგ შემოსულია, საზღვრის გავლით,  ორჯერ. ბუნებრივია, დაისვა კითხვა: თანმიმდევრობით ორჯერ როგორ შემოვიდა საქართველოში, თუკი რუსეთში წასული იყო ერთხელ?“ - აცხადებს ადვოკატი ნინო შავშიშვილი.

Qartli.ge გასულ წელს, სწორედ, იმას აღნიშნავდა, რომ პასუხგაუცემელია კითხვა, თუ როგორ შემოვიდა პიროვნება საქართველოში ორჯერ, როდესაც მას მხოლოდ ერთხელ უფიქსირდება რუსეთის მიმართულებით წასვლა.

,,ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს მივყევით, გამოვითხოვეთ ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სახელით, რუსეთიდან შემოსულია სხვა პიროვნება. ეს ხდება იმ შუალედში, როდესაც ბრალდებული რეალურად ტოვებს და შემდეგ შემოდის ქვეყანაში.“ - აღნიშნავს ნინო შავშიშვილი.

მისი განმარტებით, ,,უცხო პიროვნება“ საქართველოში სავარაუდოდ შემოსულია რუსეთიდან დეპორტაციის შედეგად.

,,მე ვვარაუდობ, რომ საქმე გვაქვს რუსეთიდან დეპორტირებულ პიროვნებასთან, რადგან დეპორტაციის პერიოდს ემთხვევა. რაკი დეპორტირებულ მოქალაქეს არ ქონდა მოწესრიგებული საბუთები, მიუთითა სხვა პირის სახელი და გვარი. ყოველ შემთხვევაში, ის პიროვნება არსად ჩანს დღემდე“ - აცხადებს შავშიშვილი.

6 თებერვალს გორის შს სამმართველოში მიიღეს ექსპერტიზის დასკვნის პასუხები, რომლის მიხედვით, რუსეთის მოქალაქის სახელითა და გვარით შემოსული პიროვნების გამოსახულება (აეროპორტის გამშვებ პუნქტში გადაღებული ფოტოზე) არ ემთხვევა ბრალდებულის გამოსახულებას:

,,ეს გარემოება დაამტკიცა ექსპერტიზამ. პიროვნება სულ სხვა აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, დიდი ალბათობით, გამართლდება წარდგენილ ბრალდებაში.“ - განმარტავს შავშიშვილი.

შს სამინისტროს ოფიციალური პოზიცია ასეთია:

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

1972 წელს დაბადებულ ნ.კ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საზღვრის უკანონო გადაკვეთა) წაუყენეს ბრალი. მას გირაო აქვს შეფარდებული და ამჟამად რუსეთში იმყოფება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები