ახალი ამბები
10 ყველაზე დიდი ძარცვა გორის რაიონში
შიდა ქართლის პროკურატურის არქივში არსებობს მასალები, რომელიც ბოლო 15-20 წლის მანძილზე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩადენილ სასტიკ დანაშაულებს ასახავს. qartli.ge-მ მოიძია რამდენიმე ისტორია.

ფაქტები, რომლის შესახებ qartli.ge-მ მასალები მოიპოვა გახსნილად ითვლება. სასამართლო ოქმების მიხედვით, ბევრი ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობდა. გარკვეული ნაწილი აცხადებდა, რომ ჩადენილ დანაშაულში ბრალი არ მიუძღვის და ჩვენებები იძულებით დააწერინეს.

შიდა ქართლის ტერიტორია წარმოადგენდა ადგილს, სადაც ადამიანების გატაცებები, მანქანების ძარცვა და ოჯახების დაყაჩაღება სისტემატიურად ხდებოდა.


ამბავი 1 

618 000 დოლარის გატაცება


1998 წლის ნოემბერში საქართველოს საფოსტო ბანკის გორის ფილიალში გორელი ძმების - ბიზნესმენების ანგარიშზე ჩაირიცხა 618 000 დოლარი. ეს ფული, მაშინდელი პროკურატურის მტკიცებით, წარმოადგენდა რუსეთში გაყიდული სპირტის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას, რომელიც ეკუთვნოდა ინგლისურ ფირმა ,,ბასტონ ენდ ფერმინჯერს“ .

1998 წლის 2 ნოემბერს, ერთ-ერთი ძმა, მეუღლესთან ერთად, გავიდა ბანკის ფილიალიდან და თანხა თბილისში წაიღო. მათ ახლდათ დაცვის ორი თანამშრომელი. წიწამურთან ავტომანქანას თავს დაესხა ორი შეიარაღებული პირი, რომლებმაც 613 000 დოლარი გაიტაცეს და მიიმალნენ. დოლარის კურსი 1998 წლის დეკემბერში იყო 2,45 ლარი. თუმცა, 1999 წლის თებერვალში ჩამოვიდა 1,69 ლარამდე.

პროკურატურამ, ბრალი წაუყენა დაცვის თანამშრომლებს, რადგან, აღიარებითი ჩვენებების მიხედვით, ფულის არსებობის შესახებ, თავდამსხმელებს მათ აცნობეს. ბანკის დაცვის თანამშრომლებს 10-10 წელი მიუსაჯეს. გამტაცებლებს კი, ვეღარ მიაგნეს.


ამბავი 2 
1,5 მლნ დოლარის გამოძალვა

1999 წლის 28 აპრილს, დაახლოებით 23 საათზე, სამი ადამიანი, შეიარაღებულნი ცეცხლსასროლი იარაღებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ. თბილისში, კუტუზოვის ქუჩაზე მდებარე ინსტრუმენტული ქარხნის ტერიტორიაზე მძღოლს, სადაც ეს უკანასკნელი აჩერებდა მანქანას. გაიტაცეს იგი 41 ათას აშშდოლარად ღირებული მისი კუთვნილი ავტომანქანა “მერსედეს-ჯიპით”.

წინასწარი შეთანხმებისამებრ, მათ გორის შესასვლელთან დახვდნენ ქ. ცხინვალის მკვიდრნი ორნი, რომელთა მეშვეობითაც მძღოლი გადაიყვანეს ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკის ქ. ვლადიკავკაზში, სადაც იგი მოათავსეს წინასწარ შერჩეული ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ოთახში და აღუკვეთეს თავისუფლება.

დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ჩაყენებული ჰყავდათ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში, მას შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიეღო ზომები თავის დასაცავად.

დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, მოკვლისა და სხეულის მძიმე დაზიანების მუქარით, აიძულებდნენ მოქალაქეს მშობლებისათვის მოეთხოვა გამოსასყიდის სახით მილიონნახევარი ამერიკული დოლარის გადახდა. 1999 წლის 9 ოქტომბერს მოქალაქე გათავისუფლდა და დაუბრუნდა თავის ოჯახს.

ამბავი 3 
გატაცება ტყეში

2003 წლის მაისში, ოთხმა პირმა იყიდა ნივა, რომლითაც უთვალთვალებდნენ ბიზნესმენის გოგონას თბილისში. სწავლობდნენ მის მარშრუტებს და ეძებდნენ შესაფერის მომენტს.

2003 წლის 22 ივნისს, საღამოს 10-ის ნახევარზე, კორპუსის სადარბაზოსთან გოგონა შებოჭეს, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს ცხინვალის რაიონისკენ, სადაც სხვები ელოდებოდნენ.

გატაცებული გოგონა მიიყვანეს ტყეში, მოათავსეს კარავში. 14 დღის მანძილზე დარაჯობდნენ მას, დრო და დრო კი ადგილსამყოფელს უცვლიდნენ. უკავშირდებოდნენ გატაცებულის მამას და შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვდნენ 5 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ემუქრებოდნენ შვილის ფიზიკური განადგურებით.

2003წ. 6 ივლისს, სპეციალურად დათქმულ ადგილზე, გორის რაიონის სოფ. ---ის ტერიტორიაზე, გვიან ღამით გატაცებულის მშობლებს გამოსძალეს 113 000 აშშ დოლარი, რის შემდეგ მძევალი გაათავისუფლეს.

პროკურატურამ დააკავა ქართველი თანამზრახველები.

ამბავი 4
მოძრავ მანქანაზე თავდასხმა

2002 წლის 22 აგვისტოს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, 4-მა პირმა, დაახლოებით 23 საათზე, უცხოური მარკის ავტომანქანის გატაცებისა და შემდგომში ქ. ცხინვალში რეალიზაციის მიზნით ყაჩაღურად თავს დაესხნენ თბილისიდან ხაშურის მიმართულებით მოძრავ „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანას.

ავტომანქანაში იმყოფებოდნენ მძღოლთან ერთად მისი დეიდაშვილი. ამ უკანასკნელს მიაყენეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაზიანება, რის შედეგადაც გონება დაკარგა. მძღოლმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც თავდამსხმელმა ანგარებით, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ავტომატიდან ესროლა. მიღებული ჭრილობის გამო ეს უკანასკნელი ადგილზევე გარდაიცვალა.

ბოროტმოქმედებმა ქ. ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს 45 000 ლარად ღირებული ავტომანქანა. მსვლელობისას ერთ-ერთს მობილური ტელეფონით დაუკავშირდა დაუდგენელი პირი, რომელმაც აცნობა, რომ გატაცებულ ავტომანქანას მისდევდნენ პოლიციელები. ამის გამო ავტომანქანა მიატოვეს სოფ. კ---თან და მიიმალნენ.

ამბავი 5
თავდასხმა ოჯახზე და მასპინძლების წინააღმდეგობა

2003 წლის იანვრის დასაწყისში, სამი წევრი გორის რაიონის სოფ. -ში თავს დაესხნენ ოჯახს, სადაც ეგულებოდათ კომბოსტოს რეალიზაციის შედეგად დაგროვებული თანხა.

დაახლოებით 23 საათზე ბანდის წევრები ფეხით გაემართნენ ბინისაკენ, სადაც ეზოში სამეთვალყურეოდ დარჩა ერთი პირი, ხოლო ბანდის სხვა წევრებმა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით და სახეზე ეკეთათ ნიღბები, შეაღწიეს სახლში, სადაც იმყოფებოდნენ ოჯახის უფროსი, მისი მეუღლე, შვილი, შვილიშვილი და სიდედრი.

ოჯახის წევრმა მამაკაცებმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს. ოჯახის უფროსი ჯერ დანით, შემდეგ ცეცხსასროლი იარაღით დაჭრეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გარდაცვლილის შვილი კი, კიდურზე დაჭრეს. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა ბინა მიატოვეს.


ამბავი 6
ოთახში შეგდებული ყუმბარა, სადაც პაპას და შვილიშვილს ეძინა


2003 წლის 4 ივლისს გორის რაიონის სოფ.... -ში. ღამით, დაახლოებით 4 საათზე, ღამით თავს დაესხნენ ოჯახს, სადაც იმყოფებოდნენ ოჯახის უფროსთან ერთად, ორი შვილი, შვილიშვილი და პაპა.

მცირეწლოვან შვილიშვილს პაპასთან ერთად ეძინა სახლის მეორე სართულზე არსებულ საძინებელ ოთახში.

ოჯახის უფროსმა წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელებს და სანადირო გლუვლულიანი თოფიდან რამდენიმე გასროლით ცეცხლნასროლი დაზიანება მიაყენა ერთ-ერთ თავდამსხმელს. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმაზე გაეღვიძა მცირეწლოვან ბავშვს, რომელმაც ტირილი დაიწყო.

თავდამსხმელებმა საძინებელ ოთახში ააფეთქეს ხელყუმბარა. პაპა გარდაიცვალა, ხოლო მცირეწლოვან ბავშვს დაზიანება არ მიუღია, რადგან სიკვდილის წინ მას პაპა გადაეფარა.

დაჭრილი თავდამსხმელი სოფლის სასაფლაოზე გარდაიცვალა.

ამბავი 7
თავდამსხმელებს ნიღაბი ჩამოხსნეს და იცნეს

2004 წლის 18 სექტემბერს 5 პირი მივიდა გორის რაიონის სოფელ მ-ში ერთ-ერთ მცხოვრებთან. ორი თავდამსხმელი დარჩა ეზოში, ხოლო დანარჩენი სამი მივიდა ბინის კართან და დაიწყო ფეხით მისი შემტვრევა. ხმაურზე გაეღვიძა ოჯახის წევრს და დაუძახა დედას, რომ ყაჩაღურად თავს დაესხნენ. ბოროტმოქმედებმა შეამტვრიეს კარი და შევიდნენ ბინაში. ერთ-ერთმა ნიღბიანმა ორლულიანი გადაჭრილი თოფის ტარი ჩაარტყა მამაკაცს და უთხრა, რომ ჩუმად ყოფილიყო, თან დაეყრდნო მისი შვილის საწოლს. საწოლი ჩაიმტვრა და ყაჩაღი ძირს დავარდა. ოჯახის წევრმა დრო იხელთა და მაგიდაზე დადებული თეფში მას თავში ჩაარტყა. ამავე დროს მან დაინახა ოთახის შესასვლელ კართან დაჩოქილი მამამისი, რომელსაც თავზე ედგა სახეზე ნიღაბჩამოფარებული, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი, რომელმაც თავში ჩაარტყა იარაღის ტარი.

ამით აღელვებულმა ოჯახის წევრმა ხელში აიღო კედელზე მიყუდებული სარკე და ჩაარტყა ბოროტმოქმედს, რომელსაც სახიდან სისხლი წამოუვიდა და გარეთ გავიდა. მას უკან გაჰყვა მეორე თავდამსხმელიც, რომელსაც დაედევნა ოჯახის უფროსი და უკნიდან ხელით დაიჭირა. ამ დროს მასთან მივიდა ოჯახის მეორე წევრი და სახიდან ნიღაბი ჩამოხსნა, ხოლო ოჯახის მესამე წევრმა აიღო იატაკის საწმენდი ჯოხი და ორჯერ ჩაარტყა თავში ბოროტმოქმედს.

ამ დროს ეზოს კართან მდგარმა მესამე თავდამსმხელმა სამჯერ გაისროლა ჰაერში და ოჯახის წევრებს უთხრა, ხელი გაეშვათ მისი თანამზრახველებისათვის.

ოჯახის უფროსმა შეასრულა თავდამსხმელის მოთხოვნა და ერთ-ერთს ხელი გაუშვა, რომელიც გაიქცა ეზოს კარისაკენ, შემდეგ შეტრიალდა და გადაჭრილი ორლულიანი თოფი დაუმიზნა ოჯახის ერთ-ერთ წევრს, თუმცა არ უსვრია. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ნიღაბი კიდევ ერთ თავდამსხმელს ჩამოგლიჯეს.

ამბავი 8
მოსამართლის თანაშემწეზე თავდასხმა და სამოქალაქო კოდექსის წიგნის ქურდობა

2002 წ. 2 მაისს, დაახლოებით 23 საათზე, ოთხი პირი, “ვაზ-21011” მარკის ავტომანქანით იმყოფებოდნენ გორის რაიონის სოფ. ---ში. გორი-ცხინვალის ავტომაგისტრალზე მათ შენიშნეს “გაზ-24” მარკის ავტომანქანა, სადაც ორი ადამიანი იმყოფებოდა. გააჩერეს ,,გაზ-24" მარკის ავტომანქანა და აუხირდნენ უმნიშვნელო მიზეზით. მძღოლმა არ მისცა მათ კონფლიქტის გაღრმავების საშუალება და გააგრძელა გზა ქ. გორის მიმართულებით. დანით შეიარაღებულები, გაედევნენ მანქანას. მძღოლმა შენიშნა რა მათი ავტომანქანა, თავის დაღწევის მიზნით, ავტომანქანა გადაიყვანა ცენტრალური მაგისტრალიდან, ხეხილის ბაღებში, მიწიან გზაზე.

ეს მანევრი შენიშნეს თავდამსხმელებმა და დაედევნენ. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ ავტომანქანა ჩავარდა გზაზე არსებულ თხრილში და ვერ შეძლო გზის გაგრძელება. დანით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ მძღოლს და მგზავრს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მგზავრის ტყავის ქურთუკი, ღირებული 200 აშშდოლარად, ფული 60 ლარის ოდენობით, მაჯის საათი “ორიენტი”, ღირებული 175 ლარად, მობილური ტელეფონი “მოტოროლა სტარტის” მარკის, ღირებული 100 აშშ დოლარად, მოსამართლის თანაშემწის ორი მოწმობა, კუთვნილი მობილური ტელეფონი“ფილიპსი”, ღირებული 50 ლარად, ფული 5 ლარის ოდენობით, ტყავის ჩანთა, ღირებული 40 ლარად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ღირებული 15 ლარად, ჟურნალი “---”, ღირებული 3 ლარად, პირადობის მოწმობა, ადვოკატის მოწმობა, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი, სადაზღვევო პოლისი, ორი ცალი ტალონი, ასევე სცადეს ავტომანქანა“გაზ-24-ის” მისაკუთრებაც, მაგრამ ვერ შეძლეს მისი ამოყვანა თხრილიდან.


ამბავი 9
კამაზის გატაცება

2005 წლის 28 დეკემბერს თავდამსხმელი დაახლოებით 11 საათზე, მივიდა ქ. გორში, მდინარე ლიახვის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე სატვირთო ავტომანქანების სადგომზე, სადაც ნახა ავტომანქანა „კამაზი------», რომლის მძღოლს უთხრა, რომ გორის რაიონის სოფელ მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის სიახლოვეს შეგროვილი ჰქონდა ჯართი და უნდოდათ მისი გორში ჩატანა, რაშიც გადაუხდიდნენს გარკვეულ თანხას. მძღოლი გაჰყვა  ჯართის ჩამოსატანად.

დაახლოებით 12 საათზე ისინი მივიდნენ სოფელ მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკის სიახლოვეს. მგზავრმა მძღოლს გააჩერებინა მანქანა, რა დროსაც შენობიდან გამოვიდა სახეზე ნიღაბაფარებული, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ძიებით დაუდგენელი ორი პირი, რომლებმაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით მანქანიდან გადაიყვანეს მძღოლი და შეიყვანეს ერთ-ერთ შენობაში, სადაც ე.წ. „სკოჩით» აუხვიეს პირი, შეუკრეს ხელები, დააგდეს იქვე, ოთახში და გაიტაცეს 12000 ლარად ღირებული მანქანა „კამაზი-----», 120 ლარი, 50 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.  კამაზი მიტოვებული ნახეს ოსური მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, სოფელ ღრომში.


ამბავი 10 
გოჭების ქურდობა

2005 წლის 26 ივლისს, დაახლოებით 17 საათზე, ორი თავდამსხმელი ავტომანქანა „ვაზ-2106-ით», იმყოფებოდა გორის რაიონი სოფელ მეჯვრისხევში, სადაც მოქალაქე ყიდდა გოჭებს თავისი კუთვნილი ავტომანქანა „გაზელის» ძარადან.

მივიდნენ მასთან ორნი და სთხოვეს, მიეყიდა სამი გოჭი 100 აშშ დოლარად, რაზეც გამყიდველმა უარით უპასუხა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მეორეს უთხრა, რომ ასულიყო მანქანის ძარაზე და აერჩია გოჭები.

აარჩია გოჭები და ჩასვა ავტომანქანის საბარგულში. ბრალდების მიხედვით, გაიტაცეს ორი გოჭი.

პ.ს. არქივში სხვა უამრავ დანაშაულის შესახებ არსებობს მასალები, რომლებიც ზემოაღნიშნული ისტორიების მსგავსია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები