ახალი ამბები
6 შვილის მამა 60-წლის კაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით გაასამართლეს
ვიდრე პროცესი დაიწყებოდა, ბრალდებულის მეუღლე პროკურორს არწმუნებდა, რომ სულ ტყუილად დარეკა 112-ზე; რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე მისი შეტყობინება არ ისახავდა მიზნად ქმრის პატიმრობაში ყოფნას.

,,თუ ადგილი არ ჰქონდა ძალადობას, რატომ დარეკეთ პოლიციაში?" - პასუხობდა პროკურორი. მოსამართლის შემოსვლამდე პროკურორი უხსნიდა ქალბატონს, რომ პროცესის დაწყების დროს, შეენარჩუნებინა სიმშვიდე, რადგან შესაძლოა დაჯარიმებულიყო და უფრო მეტად დამძიმებულიყო ოჯახის სოციალური მდგომარეობა.

პროკურატურის მტკიცებით, 60 წლის მამაკაცმა, გასული წლის 28 დეკემბერს, საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი გოგონას თანდასწრებით მეუღლეს ეკამათა, რის შემდეგაც თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მომხდარს ბრალდებული უარყოფს, ამბობს რომ მეუღლეს მხოლოდ ეკამათა და მისთვის თავში არ უცემია.

„ 6 შვილი მყავს, ყველაზე პატარა 14 წლისაა,  ბატონო მოსამართლე, ვაღიარებ, რომ პატარა ინციდენტი მოხდა, მეუღლეს ვეკამათე, მაგრამ, ისე რომ მისთვის თავში ჩამერტყა ასეთი რამე არ გამიკეთებია, დახვრეტაზეც რომ მივიდეს საქმე, მაინც ვიტყვი, რომ მე ეს არ გამიკეთებია“.-განაცხადა ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდებულს განუმარტა, თუ რა სასჯელი ელოდებოდა მას; რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები (შეტყობინება შსს-ს, დაკითხვის ოქმები) მძიმე სასჯელს ითვალისწინებდა. პროკურორმა განაჩენის გამოცხადებამდე შესვენება ითხოვა, შესვენების შემდეგ ბრალდებულმა პოზიცია შეიცვალა და წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.

„რაც შეიძლება ყველაზე მსუბუქი სასჯელი მომისაჯეთ“ათხოვნით მიმართა მოსმართლეს ბრალდებულმა. მოსამართლემ მას 1 წლით პირობითი მსჯავრი შეუფარდა.

„იმედია ამის შემდეგ, აქ, მე კი არა, არც ერთი ჩემი კოლეგა აღარ გიხილავთ“-უთხრა მოსამართლემ ბრალდებულს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები