ახალი ამბები
ირაკლი ყველაშვილი ბოშურიდან - ,,ინტერნეტი არ გვაქვს, რომ ჩემი ფოტოები სხვებს გავუზიარო"
16-წლის ირაკლი ყველაშვილი ძირითად დროს სოფელში ატარებს, რომელიც ძალიან უყვარს. ვერ წარმოუდგენია, ბოშურის გარდა, სხვაგან ცხოვრება. სახლში ბებიასთან ერთად ცხოვრობს. მშობლები მუშაობენ საზღვარგარეთ.

ირაკლი ყველაშვილს უყვარს თავისი სოფლის ხედების გადაღება. უამრავი მისი ფოტო ბოშურის გარშემო არსებულ ტერიტორიას ასახავს, თანაც ეს ფოტოები წლის სხვადასხვა პერიოდში გადაიღო.

,,ამ ფოტოების შესახებ ცოტამ თუ იცის. მე ხომ სოციალურ ქსელს იშვიათად ვიყენებ, რადგან ინტერნეტი არ მაქვს." - განმარტავს ირაკლი.



გასული წლის ოქტომბერში სკოლას საზოგადოება ,,ბილიკის" წარმომადგენლები ეწვივნენ. ,,ბილიკის" წარმომადგენელმა ლია გორელიშვილმა სკოლას ახალი პროექტი გააცნო და მოსწავლეებს მონაწილეობის მიღება შესთავაზა:

,,ეს არის ჩემთვის პირველი პროექტი, სადაც მონაწილეობას ვიღებ ასეთ აქტივობებში. ქალბატონი ლიას დამსახურებაა, რომ მე დღეს შემიძლია ბევრი მეგობარი გავიცნო. ჩავერთო აქტივობებში. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო გზის გაკეთებამაც. ძალიან ცუდი გზა იყო. არც არავინ მოდიოდა სოფელში და არც არავის შეეძლო სიარული" - გვიყვება ირაკლი.

ირაკლიმ სოციალურ ქსელში პირადი გვერდი მას შემდეგ გააკეთა, რაც ,,მედია ბანაკში" ჩაერთო.



ის მალე სკოლას დაამთავრებს და ფიქრობს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას. იხსენებს, რომ მიმდინარე სასწავლო წელიც ისევე ჩვეულებრივ დაიწყო, როგორც სხვა წლებში, თუმცა იმ განსხვავებით, რომ წელს უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცა განვითარების.

,,ფაქტობრივად, ჩემ თავს მე ვართობ. თანატოლები ახლოს არ მყავს. მათ მხოლოდ სკოლაში ვხვდები. ინტერნეტი არ გვაქვს. მობილური ტელეფონი კი არ იჭერს. უნდა მოძებნო ადგილები, სადაც დაიჭერს." - ამბობს ირაკლი.

სოფელი ბოშური გორიდან დაახლოებით 40 კმ მანძილზე მდებარეობს. სოფელში ცხოვრობენ ყველაშვილები, თოფჩიშვილები, თინიკაშვილები, ჯუკაშვილები, გიგაურები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები