ახალი ამბები
გორის თეატრში ფერადი განათება მწყობრიდან გამოვიდა
გორის თეატრის რეპერტუარიდან რამდენიმე სპექტაკლი მოიხსნა. ამის მიზეზი განათების სისტემის გაუმართაობა გახდა. ერთ-ერთ სპექტაკლზე მაყურებლის წინაშე მსახიობები სარეპეტიციო განათების ფონზე წარსდგნენ. სცენაზე შავ-თეთრ სპექტაკლები იდგმება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით ჩხარტიშვილი ამბობს, რომ სამწუხაროდ მაყურებელს ვერ სთავაზობენ იმ ხარისხის ნამუშევარს, რომელსაც გორელი მაყურებელი იმსახურებს.

,,პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოვუხადო მაყურებელს. პრობლემა გამოწვეულია ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ეს არ არის უმნიშვნელო პრობლემა. არ მუშაობს როგორც განათების პულტი, ასევე, მთლიანი სისტემაა გამოსაცვლელი. ეს კი საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს, რომლის საშუალება თეატრს არა აქვს" - ამბობს დავით ჩხარტიშვილი.

მისი თქმით, 21-ე საუკუნეში განათების გარეშე სპექტაკლის დადგმა წარმოუდგენელია:

,,წარმოიდგინეთ სახლში უყურებთ შავ-თეთრ ტელევიზორს. ასეა უხეში შედარებით. მთლიანად მწყობრიდანაა გამოსული ფერადი განათება. საქმის კურსში ჩავაყენეთ როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე, კულტურის სამინისტრო. იმედი გვაქვს, რომ ეს პრობლემა დროულად მოგვარდება" - აცხადებს ჩხარტიშვილი.

სამხატვრო ხელმძღვანელის განმარტებით, ამჟამად, თეატრის დასი გადასულია მარტივ სქემაზე. იდგმება ისეთი სპექტაკლები, რომელსაც მინიმალური განათება ჭირდება.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები