ახალი ამბები
ცხინვალში „ღორის გრიპის“ სამი შემთხვევა დაფიქსირდა
იანვრიდან დღემდე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში H1N1-ის სამი შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული - უთხრა სააგენტო „რესს“ მომხმარებელთა უფლებებისა და კეთილდღეობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა კოჩიევამ, - „ამ სამი პაციენტიდან, ერთი უკვე სახლში გაწერეს, ერთი ჩრდილოეთ ოსეთში მკურნალობს, ერთი კი ცხინვალის საავადმყოფოშია და ექიმები მის გამოსაჯანმრთელებლად ყველაფერს აკეთებენ“.

დე-ფაქტო სამსახურის ინფორმაციით, გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების სტატისტიკა ბოლო კვირაში შემცირებულია.

„დაავადებულთა 76 პროცენტი სკოლის მოსწავლეები და ბავშვები არიან, მათთანაც გვაქვს გაუმჯობესება, რასაც საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული კარანტინიც ეხმარება“, - აღნიშნა კოჩიევამ.
მისივე თქმით, კარანტინი კიდევ ერთ კვირას გაგრძელდება. სასწავლო პროცესი ცხინვალის სკოლებსა და ბაღებში 25 თებერვლიდან განახლდება.

„ლენინგორის რაიონში ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება მუშაობს. ზნაურის რაიონში სკოლებსა და ბაღებში სწავლა 20 თებერვლიდან დაიწყება. ამავე დღეს დაიწყებენ სწავლას ცხინვალის რაიონის 4 საგანმანათლებლო დაწესებულებაში, კვაისისა და კიროვის სკოლებში კი კარანტინი უკვე დასრულდა“.

მარინა კოჩიევას თქმით, პაციენტები ხშირად აგვიანებენ ექიმთან მისვლას და თვითმკურნალობას მიმართავენ, რაც შემდგომში მდგომარეობას ართულებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები