ახალი ამბები
შეხვედრა გაიმართება 2008 წლის ომის დროს დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შესახებ
ადამიანის უფლებათა ცენტრი 20 თებერვალს 13:00 საათზე გორის დემოკრატიის სკოლაში გამართავს შეხვედრას 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების შესახებ. ადამიანის უფლებათა ცენტრი ომით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებს იცავს როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

ცენტრის მიერ მრავალწლიანი მონიტორინგისა და კვლევის შედეგად იკვეთება რომ კონფლიქტის ზონაში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების პრობლემები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტიდან გამომდინარეობს, კვლავ მოუგვარებელია. ბევრ ოჯახს ომის დროს დაზიანებული სახლების შესაკეთებლად ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლებიდან დახმარება ჯერაც არ მიუღიათ.

სახელმწიფოს ომით დაზარალებულების ნაწილისთვის ჯერ კიდევ არ მიუნიჭებია მსხვერპლის სტატუსი, რაც აუცილებლელია ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე სამართლებრივი პროცესებისა და გამოძიებისთვის. საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ადამიანები თითქმის ყოველდღე ექვემდებარებიან უკანონო დაკავებას რაზეც სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ნაკლები და უშედეგოა.

ადგილობრივები ხშირად ვერ ახერხებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასაც კი. ამ და სხვა პრობლემებზე სასაუბროდ, ადამიანის უფლებათა ცენტრი სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ადგილობრივი თვით-მმართველობის - მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კონფლიქტის ზონის სოფლების მცხოვრებლებიც. შეხვედრა იმართება პროექტის „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგი“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ მიერ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები