ახალი ამბები
ჯარიმა ან პატიმრობა - ცხოველის წამებაზე სასჯელი მკაცრდება
„კანონპროექტი, რომელსაც ამდენ ხან ველოდით, სუსტია, მასში გათვალისწინებული სასჯელი კი ძალიან მსუბუქი“, - ასე აფასებს ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის სასჯელი მკაცრდება.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს გულისხმობს.

არსებული კანონმდებლობით, ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე მხოლოდ ჯარიმაა გათვალისწინებული, მაშინაც კი თუ ეს ქმედება ცხოველის ან ფრინველის დაღუპვას ან დასახიჩრებას იწვევს. ცვლილების შემთხვევაში, ცხოველის მოკვლა სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და მას უკვე შესაბამისი კოდექსი დაარეგულირებს, - ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 20-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად; არაერთგზის; მცირეწლოვნის თანდასწრებით დაისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათმდე ვადით ან შინაპატიმრობით ერთი წლიდან ორ წლამდე, ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე. ხოლო "ცხოველის ან/და ფრინველისადმი არასათანადო მოპყრობა, რაც იწვევს მათ წვალებას, ტანჯვას, ტკივილის მიყენებას, სხეულის დაზიანებას, ფიზიკურ შეწუხებას, როგორც ერთჯერადად, ასევე განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარიდან 500 ლარამდე ოდენობით".



ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი კანონის გამკაცრებას დიდი ხანია ითხოვს და აუცილებლად მიიჩნევს, თუმცა ფიქრობს, რომ მოსალოდნელი ცვლილებები არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად არასაკმარისია,- „ჩვენი სურვილია რეგულირდებოდეს კომპანიონ ცხოველთა „სამართლებრივი სტატუსის მინიჭება და მათი მოვლა-პატრონობის, კეთილდღეობის სასურველი პირობები, ადამიანების და პატრონთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა, ქუჩაში და უმეთვალყურეოდ დარჩენილი მიუსაფარი ცხოველების სიცოცხლის პირობები და მოქალაქეობრივი ვალდებულებები; ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენცია კომპანიონი ცხოველების კეთილდღეობისა და დაცვის უზრუნველყოფისთვის; იმ პირთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა ვინც აწყობს ცხოველთა ორთაბრძოლებს, ან კლავს მათ სექტანტური ან რიტუალური მიზნით; ასევე სამდიცინო ექსპერიმენტების აკრძალვა ცხოველთა მიმართ; ეუთანაზიები და სხვადასხვა სახის არასწორი ქირურგიული ჩარევები (კუდისა და ყურების კუპირებები); შეჯვარებისა და შობადობის განსაზღვრის წესები, მომშენებლების ვალდებულებები, სანქციები, არასრულწლოვანთა მიერ ცხოველთა წამებებისა და დასახიჩრების ფაქტები“.

ირმა მთიულიშვილის აზრით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრების გარდა, მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულებაც, აგრეთვე, თუ რას აკეთებს ან გააკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება ცხოველთა მოვლა პატრონობისთვის, - „ვიმედოვნებ, რომ ამ კანონპროექტს კიდევ გადახედავენ. რეგიონები, მათ შორის არც გორი, ასეთი სუსტი კანონისთვის მზად არ არიან. ზოგადად, საქართველოში, ამ ეტაპისთვის არანაირი პიარკამპანია არ ტარდება ცხოველთა კეთილდღეობის ან მათი ადამიანებთან თანაარსებობის შესახებ. მივიღოთ კანონი, მაგრამ როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ამის არანაირი რესურსი ქალაქს და რეგიონს არ გააჩნია, ანუ ჩვენ ამ სუსტი კანონისთვისაც კი დავაგვიანეთ. არაერთხელ მითქვამს, რომ ქალაქს უნდა დაეწყო მსუბუქი რეგულაცია, ცხოველების დარეგისტრირება, რომ მომზადებულები შევხვედროდით საკანონმდებლო ცვლილებებს. როგორც ჩანს, ჩვენი რეგიონი ახლა ყველაზე მეტად მოექცევა ჩიხში, ერთი საკანონმდებლო ბაზაც კი არ გაგვაჩნია. დროულად და სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ადგილზე მრჩეველთა გუნდი, რომელიც ადგილობრივ სამუშაო გეგმას შექმნის“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის სტატისტიკა გაზრდილია. უკანასკნელი სამი წლის მონაცემები ასე გამოიყურება: 2018 წელს აღრიცხულია 58 შემთხვევა, 2017-ში - 23, 2016-ში კი - 15.

თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები