ახალი ამბები
გორში მეზობლისაგან ძაღლის სავარაუდო წამების ფაქტზე რეაგირებას ითხოვენ
გორში მცხოვრები იზოლდა გოცირიძე მეზობლის დასჯას ითხოვს და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ qartli.ge-ს მისი ინტერესების დამცველმა ზაზა გიგაურმა განუცხადა.

მისი თქმით, გორის პროკურატურა არ ახდენს რეაგირებას  ფიზიკური შეურაცყოფის, ასევე, ძაღლის წამების ფაქტებზე. ნივთმტკიცების სახით, გამოძიებას ძაღლისთვის დაყრილი საკვების ნარჩენები წარუდგინეს, სადაც აღმოჩნდა ქიმიური ნივთიერებები და ნემსები.

,,წლების განმავლობაში ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობის ფაქტს, ასევე, ფიზიკურ ძალადობას. ამის შესახებ არაერთი განცხადება მაქვს დაწერილი პროკურატურაში, გამოძიება ხელს აფარებს მათ. ვითხოვ, დროულ რეაგირებას. ერთი ძაღლი მომიკლეს, მეორე მომიწამლეს, სპეციალურად დაყრილი ნივთიერებები მტკიცებულებად წარვუდგინე გამოძიებას" - აღნიშნავს იზოლდა გოცირიძე.

ადვოკატი ზაზა გიგაური აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა დროული რეაგირებაა: ,,მესმის, რომ ადგილი აქვს სამეზობლო დავას, რომელსაც სასამართლო განიხილავს, მაგრამ ჩვენი პრეტენზია მდგომარეობს სისხლის სამართლებრივ ნაწილში, რა რეაგირებას ახდენს პროკურატურა" - აღნიშნავს ადვოკატი.

გორის გამომძიებლის მიერ შედგენილი ოქმების მიხედვით, მეზობელი აცხადებს, რომ მას უგონებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები