ახალი ამბები
დე-ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი 3 დღით გახსნა
ახალგორისა და ჯავის რაიონებში მდებარე საგუშაგოები დროებით გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს.

ადგილობრივი სააგენტოების ცნობით, გამშვებ პუნქტზე მოქალაქეებს გადაადგილება 20 თებერვლიდან შეუძლიათ, ხოლო 22 თებერვალს საღამოს 6 საათზე ისევ ჩაიკეტება.

უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლის, ვალერიან ალიხანთის განმარტებით, არდადეგების პერიოდში ბევრი მოსწავლე ახალგორის რაიონში ჩარჩა. ამის თაობაზე ჯერ კიდევ თვის დასაწყისში ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ პერიოდში გამშვები პუნქტი 117-მა მოქალაქემ გადაკვეთა (ახალგორის რაიონში), ხოლო ჯავის რაიონში - 17-მა მოქალაქემ.

ე.წ. საზღვარი 2019 წლის 11 იანვარს ჩაიკეტა. ამის მიზეზად საქართველოში გავრცელებული ღორის გრიპის ვირუსი დაასახელეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები