ახალი ამბები
გიდების პროტესტი საქართველოს ისტორიისა და რუკის დამახინჯების გამო - აქციას გორი უერთდება
„ეს საქართველოა“ - ამ სლოგანით გამართავენ გიდები უფასო ტურებს მთელ საქართველოში. ისინი, 21 თებერვალს, გიდების საერთაშორისო დღეს, ამ ფორმით, გააპროტესტებენ სახელმწიფო სიმბოლიკის, საქართველოს რუკის დამახინჯებას.

უფასო ტურები მთელი ქვეყნის მაშტაბით ყველა დიდ ქალაქში ჩატარდება, სადაც მისვლა ყველა მსურველს შეეძლება. ტურს გაუძღვებიან საქართველოში მომუშავე გიდები.

ტური დაიწყება 12:00 სთ-ზე რუსთაველის სკვერიდან, გავივლით წერეთლის ქუჩას, ჭავჭავაძის ქუჩას და სტალინის გამზირს. ტური დასრულდება სტალინის სახლ-მუზეუმთან.

„ 21 თებერვალს, გორში გიწვევთ ყველას, ქალაქის მაცხოვრებელს, სტუმარს, მეგობარს, ნაცნობსა თუ უცნობს საფეხმავლო ტურზე, სადაც ვისაუბრებთ ქალაქის ისტორიაზე, ისტორიულ ძეგლებსა თუ ღირსშესანიშნაობებზე. გთხოვთ, თან იქონიოთ პატრიოტული ატრიბუტიკა, მაგალითად, ქუდი, შარფი, მოსასხამი თუ სხვა ხილული წითელ-თეთრ ფერში არსებული აქსესუარი საქართველოს დროშის ელემენტებით. პატარა ალამი ხელში,“-ამბობს გიდების ასოციაციის ერთერთი წევრი ინგა ბეჟანიანი.

პირველად, გიდებმა პროფესიული დღესასწაული 1990 წელს ლონდონში აღნიშნეს, ინიციატორი კი გიდების საერთაშორისო ფედერაცია იყო.

გიდების ასოციაციაში ამბობენ, რომ ტურის მიზანია, მათმა გაერთიანებულმა ჯგუფმა დაიცვას ქვეყნის იმიჯი, პრესტიჟი, კანონმდებლობა და სხვა ქვეყნებსაც აიძულოს, პატივი სცენ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას, შეწყვიტონ სეპარატისტული რეგიონების ტურისტულ ზონებად გამოყენება და დაემორჩილონ საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები