ახალი ამბები
მეწაღე გორიდან - სიძე, რომელმაც სიმამრის საქმე გააგრძელა

,,თავიდან რომ ტუფლი დავინახე დაშლილი, ლამის გულმა დამარტყა. ამას რაღა ააწყობს თქო, მაგრამ მერე და მერე მივეჩვიე,’’ – 44 წლის ზურა ხათაშვილი თავის პატარა ჯიხურს გურამიშვილის ქუჩაზე, ყოველ დილით 9-ის ნახევარზე აღებს. გორში მისი ჯიხური თითქმის ყველამ იცის, რადგან ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ, იქ ზურას სიმამრი მუშაობდა.

გივი ბიჭიკაშვილი სტაჟიანი მეწაღე იყო, 25 წლის გამოცდილებით და ქალაქში ბევრი იცნობდა. ფეხსაცმლის შესაკეთებლად მისულები ახლაც ელოდებიან რომ ჯიხურში ისევ ნაცნობი მეწაღე დახვდებათ, მოგვიანებით კი იგებენ, რომ სიმამრის გარდაცვალების შემდეგ მისგან ნასწავლი საქმე სიძემ გააგრძელა.

ხშირად უყურებდა, როგორ მუშაობდა სიმამრი. მეწაღეობაც ასე ისწავლა. მას შემდეგ, უკვე წელიწადზე მეტია, კასპის სოფელ ხოვლედან დადის. მისი ჯიხური საღამოს 5 საათამდე მუშაობს, სწორედ ამ დროს გადის სოფლისკენ მიმავალი ბოლო ავტობუსი.
მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. ამბობს, რომ ვაჟს საკუთარი პროფესიის გაგრძელებას არ ურჩევს, რადგან არც შემოსავალია დიდი, საქმეც ძალიან დამღლელი და საზიანოა, მთელი დღე პატარა ჯიხურში, უჰაერობაში, წებოს სუნში უწევს ყოფნა.

ზურა სოფელში მიწასაც ამუშავებს. ხვნა თესვისა და მოსავლის აღების დროს, ძირითადად სოფელშია, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მეწაღეობას უბრუნდება. ამიტომაც ამ საქმეს სეზონურ სამუშაოს უწოდებს.

ხალხის გაჭირვებას უკავშირებს იმას, რომ მომხმარებელი ძალიან შემცირდა. ზოგჯერ ისეთი ფეხსაცმელი ან ჩანთაც კი მიაქვთ, უკვე რომ ვეღარ შეკეთდება. სიცილით იხსენებს, შემთხვევებს, როდესაც მომხმარებლებს შეცდომით ერთმანეთის ფეხსაცმელი წაუღიათ და რამდენიმე დღის შემდეგ დაუბრუნებიათ, - ,,ისეც ყოფილა,რომ დაკარგულა ფეხსაცმელი და მერე მე მიყიდია ახალი’’.


თემა: კატეგორია
Print

სტატიის გამოყენების პირობები