ახალი ამბები
გაკულაკებულ აზნაურთა სახლი სოფელ ხიდისთავში
საქართველოს ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ გორის მაზრის სოფელ ხიდისთავში რამდენიმე აზნაური გააკულაკეს, მათ შორის, კარიჭაშვილები. დღეს ამ სოფელში ის სასახლე დგას, სადაც კარიჭაშვილები ცხოვრობდნენ. 

აზნაურის სახლს მცირედი რესტავრაციაში ჩაუტარდა და მისი მეთვალყურეობა მეზობელს ევალება. მეზობლის თქმით, ბოლშევიკების კვალი ეტყობა პირველი სართულის კედელს, სადაც გამონგრეული იყო:

,,როცა დაიწყო გაკულაკება, ბოლშევიკებმა პირველი სართულის კარები ვერ გააღეს, იმიტომ, რომ მუხის კარია დაყენებული. ეს კარი დღესაც მყარად დგას და ძვრა ვერ უყვეს. ამიტომ, გამოუნგრევიათ კედელი და ისე შესულან შიგნით" - ამბობს მეზობელი.

ხიდისთავის სკოლის პედაგოგი თამარ კვაღინიძე იხსენებს, რომ სოფელში რამდენიმე თავადი ცხოვრობდა. მათი საცხოვრებელი სახლებიდან, მხოლოდ, კარიჭაშვილების სახლია შემორჩენილი შედარებით პირვანდელი ფორმით:

,,ვიდრე კარიჭაშვილების სახლამდე მიხვალთ, მანამდე ცხოვრობდა ჩემი დედამთილის ნათესავი ვალიკო ტლაშაძე. ისიც შეძლებული და განათლებული ოჯახი იყო. ეგენიც გააკულაკეს. გააკულაკეს ასევე რაზმაძეები, ჩამოართვეს ქონება. მათი შთამომავალი ჩვენს სკოლაში ასწავლიდა ხოლმე." - ამბობს თამარ კვაღინიძე.

კარიჭაშვილების სასახლის აივანი და პირველი სართული, მთლიანად, მე-19 საუკუნის კვალს ატარებს. მეზობელმა გვითხრა, რომ გამოცვლილია მხოლოდ სახურავი: ,,1920 წლის მიწისძვრის დროს დაინგრა მეორე სართული, პირველი სართული გადარჩა. გადარჩენილია ეზოს გალავანიც. ეს უნიკალური სახლი და მისი შთამომავლები უვლიან ამ ძვირფას განძს" - გვითხრა მეზობელმა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები