ახალი ამბები
,,დილა გორმა" ქუთაისის ,,ტორპედოში" გადასულ ნოდარ ქავთარაძესთან დავა მორიგებით დაასრულა
გორის ,,დილას" ადმინისტრაციასა და ფეხბურთელ ნოდარ ქავთარაძეს შორის დაწყებული სამართლებრივი დავა მორიგებით დასრულდა. ამის შესახებ qartli.ge-ს კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჯოხაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის მორიგება გუშინ შედგა. ნოდარ ქავთარაძე ,,დილასგან" ერთი თვის ანაზღაურებას (დაახლოებით 7 ათას ლარამდე ოდენობის თანხას) ითხოვდა.

ქავთარაძე ერთი წლის განმავლობაში გორის ,,დილაში" თამაშობდა და შემტევი ნახევარმცველის პოზიცია ეკავა. ,,დილას" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ქავთარაძის წასვლა კლუბიდან, მართლაც, დანაკლისი იყო.

რაც შეეხება დავას, ,,დილა" დავალიანების არსებობას უარყოფდა და აცხადებდა, რომ ქავთარაძე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვარჯიშებზე აღარ დადიოდა, შესაბამისად, თანხის გადახდას არ აპირებდნენ. მორიგების მიხედვით, ქავთარაძე თანხაზე უარს ამბობს, ხოლო ,,დილა" თანახმაა, კლუბიდან ვადაზე ადრე წასვლისთვის, ფეხბურთელის დაჯარიმება აღარ მოითხოვოს.

,,ჩვენ ვაპირებდით მასთან ხელშეკრულების გაგრძელებას, თუმცა ტორპედოში გადასვლა მოისურვა. ის ერთი წლის წინ თბილისის ,,ლოკომოტივიდან" გადმოვიყვანეთ. ამჯერად, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ორი ფეხბურთელი დავიმატეთ" - აცხადებს ,,დილას" აღმასრულებელი დირექტორი. მისი განმარტებით, ქავთარაძესა და ,,დილას" შორის ურთიერთობა მოგვარებულია და მხარეებმა ერთმანეთს წარმატებები უსურვეს.

რაც შეეხება ,,დილას" ახალ წევრებს, ერთ-ერთი მათგანი ფორტესია, რომელიც ,,დილაში" ქავთარაძის მისვლამდე თამაშობდა:

,,ფორტესს სათადარიგო სკამზე უწევდა ყოფნა, რადგან ძირითად შემადგენლობაში ქავთარაძე შედიოდა. მაშინ ფორტესმა გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. ამჯერად, ფორტესი დავიბრუნეთ და, მაგალითად, გუშინ ერთი გოლიც გაიტანა. რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, რომლის დამატებასაც ვაპირებთ, ჯერ-ჯერობით მოლაპარაკების პროცესში ვართ და ამ მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, შედეგებს გაგაცნობთ" - გვითხრა გიორგი ჯიოხაძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები