ახალი ამბები
დვანთან 12 ჰა ფართობზე განაღმვითი სამუშაოები დასრულდა
გამყოფი ხაზის სოფელ დვანთან განაღმვითი სამუშაოები დასრულდა. ამის შესახებ qartli.ge-ს იაპონიის საელჩოდან აცნობა. პრეს-სამსახურის ცნობით, დასკვნითი ცერემონია დვანში 25 თებერვალს გაიმართება.

,,2019 წლის 25 თებერვლის 10:00–ზე, დვანში (შიდა ქართლი) გაიმართება პროექტის გახსნის ცერემონია. განაღმვითი სამუშაოები განხორციელდა იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „ადამიანის უსაფრთხოების ადგილობრივი საგრანტო პროგრამა.“ ღონისძიებას დაესწრებიან იაპონიის ელჩი საქართველოში – მისი აღმატებულება ტადაჰარუ უეჰარა, HALO Trust–ის ხელმძღვანელობა და თვითმმართველობის წარმომადგენლები." - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2018 წლის 8 თებერვალს – საქართველოში იაპონიის საელჩოსა და ორგანიზაცია HALO Trust-ს შორის. პროექტის ფარგლებში, იაპონიის მთავრობამ გამოყო გრანტი ორ რეგიონში – შიდა ქართლსა და სამეგრელო ზემო სვანეთში განაღმვითი სამუშაოების ჩასატარებლად – პროექტის მეშვეობით, 12 ჰექტარი გამოცხადდა უსაფრთხოდ, 4 ათასზე მეტი მოსახლისთვის. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 400 000 აშშ დოლარს.

„გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, სიღარიბის დაძლევა და კულტურა. 1998 წლიდან დღემდე ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოში დაფინანსდა 163 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 16’642’524 აშშ დოლარი შეადგინა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები