ახალი ამბები
ბაკურიანელი ქალი, რომელიც სულხან ცინცაძემ კონსერვატორიაში მიიწვია


82 წლის თამარ დიაკონაშვილი ბაკურიანში ცხოვრობს. მისმა სიმღერამ ქართულ-ოსური დიალოგის წევრები ჯერ კიდევ 2014 წელს მოხიბლა. ვიდეო შეხვედრის მონაწილემ ლევან ბითაროვმა გადაიღო. შეხვედრაზე ქართველებმა და ოსებმა იმღერეს ,,საქართველო ლამაზო“.

თამარ დიაკონაშვილი ჩვენ ბაკურიანში მოვძებნეთ.

ის ბაკურიანის ძველ უბანში ცხოვრობს, სადაც ბავშვობა გაატარა. იხსენებს, რომ ფილმის ,,ჩრდილი გზაზე“ გადაღებების დროს, ბორჯომის რკინიგზის სადგურზე, მეგობრებთან ერთად იმღერა. ფილმის რეჟისორმა და კომპოზიტორმა დედაქალაქში მიიწვიეს, თუმცა მამამ კონსერვატორიაში არ გაუშვა. ,,ჩრდილი გზაზე"-ს კომპოზიტორი იყო სულხან ცინცაძე.

,,მამაჩემი ძალიან ჯიუტი კაცი იყო. სანამ არ დაოჯახდები, ბაკურიანიდან ფეხს ვერ გაადგამო, მართლაც ასე მოხდა“ - იხსენებს ქალბატონი თამარი.

ამბობს, რომ მისი ბავშვობის პერიოდში ბაკურიანი საკმაოდ პატარა დასახლება იყო, თუმცა დასასვენებლად მაშინაც ადიოდნენ უნიკალური ჰავის გამო.

,,საკმაოდ დიდი გაჭირვება იყო, ისეთი დღეები გვაქვს გამოვლილი, არც კი მინდა გახსენება. განსაკუთრებით სამამულო ომის წლებში და მის შემდგომ. ერთ წელიწადს ლარტოფილის საკმაოდ დიდი მოსავალი მოვიდა. ჩვენ ოჯახს, სულადობის მიხედვით, 25 ტონა შეგხვდა. ძალიან ბევრნი ვიყავით სახლში. წაიღეს ეს კარტოფილი დასავლეთ საქართველოში და იქ ჩავაბარეთ. ცოტა ამოვისუნთქეთ მაშინ“ - ამბობს თამარ დიაკონიშვილი.

დიაკონიშვილი მისი მეუღლის გვარია. ბავშვობა ერთ უბანში გაატარეს:

,,მისი და ჩემი თანაკლასელი და მეგობარი იყო. ისიც - მომღერალი. ერთად დავყავით სკოლის დროს ხან ბორჯომში, ხან სად და გვამღერებდნენ. ბაკურიანში ჩვენს გარეშე ღონისძიება არ ტარდებოდა. მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ შევძელი. როცა დავოჯახდი, ვერც მის შემდეგ შევძელი სწავლა. შვილებს გაზრდა სჭირდებოდა“ - ამბობს ის.

ჩვენ თამარ დიაკონიშვილი გავიცანით 2014 წელს გადაღებულ ვიდეოთი, რომელიც ქართულ-ოსური შეხვედრის შემდეგ, ადგილობრივმა მკვიდრმა ლევან ბითაროვმა გადაიღო. ამ ვიდეოში გორელი მაყვალა ბერიშვილი და ბაკურიანელები - ლეილა ხეცურიანი, თამარ დიაკონიშვილი და ლევან ბითაროვი მღერიან სიმღერას ,,საქართველოს ლამაზო“.

ეს შეხვედრები იმართებოდა ორგანიზაცია ,,ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელის მანანა მებუკეს თაოსნობით. მანანა მებუკე 2016 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა:

,,მე გვიან გავიგე მანანას გარდაცვალების ამბავი. როცა გავიგე, ცხარე ცრემლით ვტიროდი. ისეთი კარგი ადამიანი იყო, ისეთი თბილი, მე ის არასოდეს დამავიწყდება.“ - გვითხრა თამარ დიაკონაშვილმა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები