ახალი ამბები
ცხინვალში დე-ფაქტო აფხაზეთის თავდაცვის მინისტრს ელოდებიან
დე-ფაქტო მინისტრ მერაბ ქიშმარიას ვიზიტი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 26 წლის იუბილეს და 23 თებერვლის აღნიშვნას უკავშირდება.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის უწყება 22 თებერვალს 26 წლის ხდება. საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, მერაბ ქიშმარია და სოხუმიდან ჩასული სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო ღონისძიებებში, დაესწრებიან კონცერტს და პატივს მიაგებენ სამშობლოსთვის დაღუპულთა ხსოვნას.

დაგეგმილია შეხვედრები დე-ფაქტო პრეზიდენტთან, ანატოლი ბიბილოვთან და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთან, იბრაგიმ გასეევთან.

1992 წლის 17 ნოემბერს დე-ფაქტო რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა დადგენილება „ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შექმნის შესახებ“, 1993 წლის იანვარში განისაზღვრა უწყების ორგანიზაციული და საშტატო სტრუქტურა, იმავე წლის თებერვალში კი ჩამოყალიბდა შეიარაღებული ძალების პირველი სამხედრო დანაყოფები. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პირველი თავდაცვის მინისტრი ვალერი ხუბულოვი იყო.

2017 წლის 31 მარტის შეთანხმებით, სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალები რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილი გახდა.

23 თებერვალი 1922 წლიდან აღინიშნებოდა როგორც „წითელი არმიის დღე“, 1946 წელს მას „საბჭოთა არმიის დღე“ დაარქვეს, მოგვიანებით „საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღე“ ეწოდა, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი „სამშობლოს დამცველთა დღედ“ იქცა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები