ახალი ამბები
რა შეცვალა ჩემს ცხოვრებაში სამოქალაქო განათლებამ
16-წლის სოფო ცხვედაძე სახლში ხუთ და-ძმას უვლის. ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვარში ცხოვრობს. თიბისი ბანკმა  ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. სოფომ კი, რედაქციას წერილი გამოუგზავნა:

,,15 წლის ვიყავი. დედა საზღვარგარეთ წავიდა. მიჭირდა, მაგრამ დედამ ამიხსნა, რომ ოჯახს სჭირდებოდა ასე. სახლში მე, მამა, ბაბუა და ჩემი ხუთი და-ძმა დავრჩით. ბევრნი კი ვიყავით, თუმცა ასეთი მარტოსული არასოდეს ვყოფილვარ. ჩემი ცხოვრება გაუფერულდა, ოცნებები შავი საღებავით შეიღება. ალბათ გამიგებს ყველა დედასაგან შორს მყოფი ბავშვი. სიმართლე გითხრათ აღარც სკოლაში მინდოდა სიარული, თუმცა სახლში უარესი იყო, იქ ყველა ნივთი დედას მახსენებდა.

ერთ ჩვეულებრივ, უფრო სწორად არაჩვეულებრივ დღეს სკოლაში წავედი. არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა თუმცა სწორედ ის დღე იყო, როდესაც ჩვენს სკოლაში საზოგადოება „ბილიკის“ წარმომადგენლები მოვიდნენ, პროგრამა „მომავლის თაობა“ გაგვაცნეს და სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაზე გვესაუბრნენ, და ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა. მომეცა იმის სტიმული, რომ სკოლაში მევლო და მეკეთებინა საქმე, რომელმაც ყველაფრის ხალისი დამიბრუნა, დღეს სამოქალაქო განათლება მოსწავლეებისათვის მხოლოდ საგანი არ არის, ჩვენ ამ პროექტის საშუალებით სხვისი პრობლემების დანახვა შევძელით, ჩვენ შევქმენით სამოქალაქო კლუბი, ვისწავლეთ პრობლემების აღმოჩენა და გადაჭრის გზებზე ფიქრი, ვეხმარებოდით ადამიანებს და ეს ბედნიერებას გვანიჭებდა...

თუ აქამდე სხვის გაჭირვებას გვერდს რეაგირების გარეშე ვუვლიდით, ახლა პირიქით - ყველა პრობლემა ჩვენად იქცა. ჩემი სისუსტე, რომელსაც დედისაგან შორს ყოფნა და ჩემს და-ძმაზე ზრუნვა ერქვა, ახლა სიძლიერედ გადაიქცა.

ახლა 16 წლის ვარ, და იცით რას მივხვდი, მივხვდი რომ ადამიანის შრომა უკვალოდ არასოდეს ქრება. მოგვეცა შესანიშნავი შანსი, რათა საზოგადოებაში საკუთარი ადგილი დავიმკვიდროთ.

მე თიბისი ბანკმა ყოველთვიური სტიპენდია დამინიშნა. არასოდეს არ მქონდა საშუალება საყვარელი ავტორის ახალი წიგნი წამეკითხა, დღეს კი მაქვს საშუალება შევიძინო ჩემი ფულით ყველა ის ნივთი, რაც სწავლა - განათლებაში დამეხმარება. ამისთვის კი მინდა დიდი მადლობა გადავუხადო სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობას“ და თიბისი ბანკს- მე დღეს ბედნიერი ვარ. ოცნებები ხდება....."

სოფო ცხვედაძე
კეხიჯვრის საჯარო სკოლის მოსწავლე

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები