ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის წამებიდან ერთი წელი გავიდა
ერთი წელი გავიდა ახალგორელი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან. ის 2018 წლის 22 თებერვალს რუსმა სამხედროებმა დააკავეს.  სასტიკად ცემეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

26 დღის განმავლობაში დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ტატუნაშვილის ცხედარს მშობლებს არ აძლევდნენ. არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებდა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას ერთი თვე ჭირდებოდა.

ცხედარი ,,წითელი ჯვარის" მეშვეობით ოჯახს 26 დღის შემდეგ გადასცეს. ცენტრ ,,ემპათიის" ექსპერტების ცნობით, ტატუნაშვილის სხეულიდან ის ორგანოებია ამოცლილი, რომლითაც სიკვდილის ზუსტი მიზეზის დადგენაა შესაძლებელი.

2018 წლის 21 მარტს ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარებულ იქნა სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობდა წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე, პროკურატურის დადგენილების შესაბამისად.

წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით მიუთითებს წამების კვალზე.

ცენტრი „ემპათია“ -ს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ჩატარდეს კომპლექსურ - კომისიური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კერძოდ, მინესოტას პროტოკოლი, სტამბოლის პროტოკოლი, რათა დადგენილ იქნას წამების სავარაუდო ფაქტსა და გარდაცვალების მიზეზს შორის მიზეზ - შედეგობრივი კავშირი.

2018 წლის 22 აგვისტოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განსახილველად არჩილ ტატუნაშვილის საქმე გაიგზავნა. ტატუნაშვილების ოჯახის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი თამარ ავალიანი ამბობდა, რომ  ტატუნაშვილის წამების ფაქტზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ შეიტანეს.

ექსპერტების მონაცემებით, ტატუნაშვილი აწამეს. დე-ფაქტო ხელისუფლება წამების ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ტატუნაშვილი გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები