ახალი ამბები
შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის ოჯახიდან 10 000 ლარის ღირებულების სამკაულები მოიპარეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ქალი, რომელსაც ბრალად შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორის, ლადო ვარძელაშვილის ოჯახიდან სამკაულების ქურდობა ედება. ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს და საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სამკაულები.

სამკაულები შეფასებულია 10 000 ლარად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.მ.-მ თბილისში, ფანჯიკიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან, სადაც დამლაგებლად მუშაობდა, ოქროს ძვირფასი სამკაულები და საათები მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ იგი მომხდარიდან მალევე დააკავა, ნაქურდალი ნივთები კი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ სამინისტროში.

ფოტოზე: შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები